5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების სავარაუდო მითვისების საქმეზე ბრალდებულ ლევან გამრეკელს პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა

ლევან გამრეკელი

5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების სავარაუდო მითვისების საქმეზე ბრალდებულ ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, ლევან გამრეკელს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა. პატიმრობის ნაცვლად მას 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ინფორმაციას გამოცემა „ქართლის ამბები“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ლევან გამრეკელმა უკვე გადაიხადა 2 მილიონი ლარი, ხოლო დარჩენილი 3 მილიონი ლარის დასაფარად სასამართლომ მას დამატებითი ვადა მისცა.

ამავე გადაწყვეტილებით, 10 000-ლარიანი გირაო განესაზღვრათ საქმეზე ბრალდებულ კიდევ ორ პირს — პაატა ნოზაძესა და რომან მეტივიშვილს.

ლევან გამრეკელი 2025 წლის ნოემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.

პროკურატურის ვერსიით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2020-2023 წლებში ბრალდებულებმა ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში შიდა ქართლის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მილსადენები, რომელთა ღირებულება დაახლოებით 5 მილიონ ლარს შეადგენს, ფარულად მიითვისეს, რის შედეგადაც სახელმწიფოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.

სამივე პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან გამრეკელი ბიზნესმენია. იგი 2018 წლიდან ხაშურის საკრებულოს წევრი იყო, ხოლო 2021-2025 წლებში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ საკრებულოს საარჩევნო სიაში მისი კანდიდატურა აღარ იყო წარმოდგენილი.