6 წლამდე ავტომობილების იმპორტის აკრძალვის შემდეგ ავტოდილერების მინიმუმ 50% იძულებული გახდება, დარგი დატოვოს, რაც ასობით ოჯახისთვის შემოსავლის მოსპობას ნიშნავს - ასოციაცია

ჩინური მანქანა

სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რამდენ ადამიანს ეხება ეს კანონი, რამდენი ადამიანისთვის არის მიუღებელი და რამდენი ადამიანი დარჩება შემოსავლის გარეშე, - აცხადებს საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ლაშა დარბაისელი განმარტავს, რომ კანონის ძალაში შესვლის გამო ავტოდილერების მინიმუმ 50% მაინც გახდება იძულებული, დარგი დატოვოს, რაც ასობით ოჯახისთვის შემოსავლის მოსპობას ნიშნავს.

მისივე თქმით, დაანონსებული აქციის გამართვა კონკრეტულ ტერიტორიაზე ვერ მოხერხდა, რადგან ვერ მიიღებს უფლება, რის გამოც პეტიცია შეადგინეს, რომელსაც ხელი უამრავმა ავტოდილერმა და ავტომფლობელმა მოაწერა.

„პეტიციაზე ხელმოწერა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სახელმწიფოს დავანახოთ, რამდენ ადამიანს ეხება ეს კანონი, რამდენი ადამიანისთვის არის კანონი ასეთ ფორმაში მიუღებელი და შეკრების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზანი რაც იყო, გახლდათ ის, რომ სახელმწიფოსთვის გაგვეგონებინა ბიზნესის, ავტოიმპორტიორებისა და ავტომფლობელების ხმა, რათა სფეროში ცვლილებებისა თუ კანონების მიღება ჩვენი ჩართულობით მოხდეს. რეალურად ძალიან ბევრი ადამიანია ამ ბიზნესზე დამოკიდებული, ვისაც, პირდაპირ რომ ვთქვათ, ლუკმაპური, ორი კაპიკი შეაქვს ოჯახში და ამ შესაძლებლობას უსპობენ“, - აცხადებს ლაშა დარბაისელი.

მისივე ინფორმაციით, პეტიციაში მითითებულია, რომ 6 წელი ძალიან პატარა დროა და ავტომობილის წლოვანება მინიმუმ 10 წელი მაინც უნდა იყოს.

„არავინ იფიქროს, რომ ეკოლოგია არ გვადარდებს და მხოლოდ ბიზნესზე ვფიქრობთ, ამ ჰაერს ჩვენი შვილებიც სუნთქავენ. რა თქმა უნდა, ეკოლოგია უნდა გამოსწორდეს, მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ ეს აკრძალვა შედეგს გამოიღებს.

ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დარგისა და სექტორის, ექსპერტების ჩართვა და თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ავტოპარკი გასაახლებელია, სახელმწიფომ რაიმე შეღავათი უნდა მისცეს ხალხს“, - ამბობს ლაშა დარბაისელი.