1763278140
„ადამიანთა ყველა ჯგუფისთვის საფრთხეს წარმოადგენს - ქალაქის ცენტრში, არის საკმაოდ პრობლემატური ჰაერი“
„განსაკუთრებით პრობლემაა ბავშვებისთვის“, - ასე ეხმაურება „მწვანე ალტერნატივას“ თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე ბოლო დღეებში საქართველოში დაბინძურებული ჰაერის შესახებ ინფორმაციას.
როგორც მან „პალიტრავიდეოსთან“ განაცხადა, ასეთი ჰაერით სუნთქვა ადამიანთა ყველა ჯგუფისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„საქართველოში ისედაც სულ მაღალი იყო მტვრის ნაწილაკებით დაბინძურების დონე. ამჯერად საფრთხე არის ადამიანთა ყველა ჯგუფისთვის, რადგან ეს მტვერი და ნაწილაკები ადვილად გადადის სისხლში, თუმცა განსაკუთრებით პრობლემა არის ბავშვებისთვის, რომელთა ფილტვების სისტემა ჯერ არ არის ჩამოყალიბებული და ასევე ახალგაზრდებისთვის და მოხუცებისთვის, ვისაც აქვთ ქრონიკული, რესპირატორული დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები და ა.შ. ზოგადად, არავისთვის სასარგებლო არ არის ასეთი ჰაერის სუნთქვა.
2024 წელს იყო ჩატარებული ბოლო კვლევა ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის მიერ, არანაირი სასიკეთო ამ კვლევას არ უთქვამს და ფაქტია, რომ ქალაქის ცენტრში, იქ, სადაც ყოველ დღე 24-საათიანი საცობია, არის საკმაოდ პრობლემატური ჰაერი“, - განაცხადა მან
ცნობისთვის, ბოლო დღეებში თბილისის ცენტრალურ უბნებში დაფიქსირდა ჰაერის დაბინძურების საგანგაშო მატება, რასაც სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. გარემოსდამცველები და მოქალაქეები ხელისუფლების დროული რეაგირების ნაკლებობაზე საუბრობენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით „საქართველოს ტერიტორიაზე ფიქსირდება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მომატებული კონცენტრაცია, რაც განპირობებულია ქვეყანაში სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით.
bpn.ge



