1785565515
„აფეთქებები საწყობებთან ახლოს, 200-ლიტრიანი ლიმიტი საწვავზე და ქრთამი“ - რა დაბრკოლებებს აწყდებიან ქართველი გადამზიდავები რუსეთში?
„ბოლო პერიოდში ახალი დაბრკოლებები წარმოიქმნა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ნემსაძემ რუსეთის მიმართულებით გადაზიდვებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი გადამზიდავებისთვის დამატებითი დაბრკოლებები რუსეთის ტერიტორიაზე არსებულმა უსაფრთხოების რისკებმა, საწვავის მწვავე დეფიციტმა და საგზაო პოლიციის მხრიდან გამკაცრებულმა საზედამხედველო კონტროლმა შექმნა.
„გადამზიდავებს, რომლებიც რუსეთის მიმართულებით მოძრაობენ, იქნება ეს ტრანზიტი თუ ექსპორტ-იმპორტი, პერმანენტულად აქვთ სხვადასხვა ტიპის პრობლემები. ეს დაბრკოლებები შეიძლება იყოს როგორც სეზონური, ისე არასეზონური.
სეზონურში, მაგალითად, ზამთრის, გაზაფხულის ან ზაფხულის პერიოდში საზღვარზე არსებული შეფერხებები იგულისხმება, რაც გადამზიდავებისთვის მთავარ პრობლემად იქცევა ხოლმე.
ასეთ დროს, ძალიან დიდხანს უწევთ მოლოდინის რეჟიმში ყოფნა და რიგებში გაძვირებული სერვისებით სარგებლობა. ეს ყოველივე კი სერიოზულ ფინანსურ დანაკარგებსა და ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს.
თუმცა, ბოლო პერიოდში ახალი დაბრკოლებებიც წარმოიქმნა. პირველ რიგში, ეს უსაფრთხოების რისკებს უკავშირდება, რადგან უკრაინული ძალები იერიშებს არამხოლოდ სამხედრო, არამედ სხვადასხვა ტიპის კომერციულ ობიექტებზეც ახორციელებენ.
მძღოლები ხშირად სწორედ ასეთ ადგილებში, ამა თუ იმ კომპანიის საწყობებსა თუ ქარხნებში იმყოფებიან, რის გამოც გახშირდა შემთხვევები, როდესაც აფეთქებები უშუალოდ მათი საქმიანობის არეალთან ძალიან ახლოს მოხდა.
საბედნიეროდ, ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია ვინმეს დაშავების ან დაზიანების შესახებ, თუმცა რისკები მკვეთრად გაიზარდა.
შექმნილმა ვითარებამ მძღოლები, ბუნებრივია, დააფრთხო. გადამზიდავები უკვე ირჩევენ ქალაქებს და ცდილობენ, ფრონტის ხაზის მიმდებარე დასახლებებს თავი აარიდონ. თუმცა, ეს ყოველთვის ადვილი არ არის, რადგან დაკვეთებს ასე ვერ შეარჩევ. თანაც, შეტევების არეალი თანდათან გაფართოვდა და რუსეთის შორ ქალაქებსაც მისწვდა.
შესაბამისად, დაზღვეული არავინაა, თუ რომელ ქალაქში, რომელ კომერციულ ობიექტზე, რა რისკი შეიძლება შეექმნას“, - აცხადებს ირაკლი ნემსაძე.
როგორც სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, დროის დიდ დანაკარგებსა და დაუგეგმავ ხარჯებს იწვევს გადამზიდავებისთვის რუსეთის ფედერაციაში საწვავთან დაკავშირებით არსებული კრიზისი.
„მეორე დაბრკოლება საწვავია. ნავთობობიექტებსა და გადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი იერიშების შედეგად, საწვავის დეფიციტი პრაქტიკულად, რუსეთის მთელს ტერიტორიაზე აღინიშნება.
დეფიციტი ნიშნავს იმას, რომ ავტოგასამართი სადგურები სატვირთოებს საწვავს ლიმიტირებულად - ერთ გამართვაზე დაახლოებით, 200 ლიტრს უსხამენ, რაც სატვირთო ავტომობილისთვის ძალიან მცირე მოცულობაა.
ეს ნიშნავს, რომ ერთი ქალაქიდან მეორეში უწყვეტად გადაადგილების ნაცვლად, მძღოლს გზადაგზა ხშირად იმ სადგურების ძებნა უწევს, სადაც საწვავს დაიმატებს და შეივსებს. იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ ობიექტზე რიგები დგას, 200 ლიტრის შესავსებადაც კი მთელი დღე რიგში დგომაა საჭირო.
გარდა ამისა, გაიზარდა ფასიც, როგორც ტაბლოზე, ისე ჩამსხმელების მხრიდან მანიპულირების ხარჯზე. წარმოიდგინეთ მძღოლს, რომელიც მთელი დღე ავტოგასამართ სადგურზე დგას, მოვიდა ბოლო-ბოლო მისი რიგი და იმის ნაცვლად, რომ საწვავი ჩაუსხან, ეუბნებიან, რომ რესურსი ამოიწურა.
იქვე კეთდება მინიშნება, რომ დამატებითი „საჩუქრის“ (ფულადი თუ სხვა სახის) შემდეგ ეს საწვავი „გაჩნდება“. ეს არის დამატებითი ხარჯები, დაკარგული დრო და უზარმაზარი დისკომფორტი, რაც ასეთ კონტაქტებში შესვლას გულისხმობს.
მესამე მოცემულობაა ის, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის ტერიტორიაზე უკიდურესად გამკაცრებული საზედამხედველო პირობები შეიმჩნევა. მთელს ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან სატრანსპორტო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც თითქოს დოკუმენტაციას და მათ შესაბამისობას ამოწმებენ.
ისინი უაღრესად აგრესიულად და მკაცრად იქცევიან, ცდილობენ იპოვონ მიზეზი, დარღვევა ან რაიმე მსგავსი. როგორც წესი, რუსული პრაქტიკა ასეთია: დარღვევას იმისთვის გიპოვიან, რომ შემდეგ მოილაპარაკონ და ქრთამი გადაგახდევინონ.
ეს პროცესი კიდევ უფრო დამძიმდა - მსგავსი მიდგომა აქამდეც არსებობდა, თუმცა ბოლო თვეებში მათი დამოკიდებულება განსაკუთრებით გამკაცრდა“, - აცხადებს ირაკლი ნემსაძე „ბიზნესპრესნიუსთან“.



