ანტიკორუფციული ბიურო უქმდება - რა ქონებას ფლობს უწყების ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი

რაჟდენ კუპრაშვილი

2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ანტიკორუფციულ ბიუროს დღეს, არსებითად, დაკისრებული აქვს თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი. მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, რომ აღნიშნული ფუნქცია საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც უფრო მაღალ და უფრო დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ანტიკორუფციულ ბიუროს 2023 წლიდან დღემდე რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი.

აღსანიშნავია, რომ რაჟდენ კუპრაშვილმა ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2025 წლის აპრილში შეავსო.

დოკუმენტის მიხედვით, კუპრაშვილი ფლობს საცხოვრებელ სახლს ქუთაისში, რომელიც 2021 წელს ჩუქების წესით მიიღო. ამავე წელს ჩუქების წესით აქვს მიღებული მიწის ნაკვეთი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში. რაჟდენ კუპრაშვილი ასევე ფლობს ბინას თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე, რომელიც მან 2017 წელს 85 000 დოლარად შეიძინა. რაჟდენ კუპრაშვილის საკუთრებაშია 4 000 აშშ დოლარიანი სარდაფი და 10 000 აშშ დოლარად ნაყიდი ავტოფარეხი.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, დოკუმენტში ამის შესახებ ინფორმაცია მითითებული არაა.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, ბანკის ანგარიშზე რაჟდენ კუპრაშვილს ჰქონდა 12 927 ლარი და 85 ევრო.

დოკუმენტის მიხედვით, ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელის 1 წლის განმავლობაში მიღებული ჯამური ანაზღაურება 96 238 ლარი იყო.

რაჟდენ კუპრაშვილი 2023 წლიდან ხელმძღვანელობს სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს, ხოლო 2019-2023 წლებში იკავებდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობას. საჯარო სამსახურში საქმიანობის გარდა, აქვს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც. კუპრაშვილი 8 წლის განმავლობაში უძღვებოდა საადვოკატო კომპანიას შპს „კუპრაშვილი და ადვოკატები” და მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შპს „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატა“.

bpn.ge