1770190275
ავტომფლობელებისთვის მესამე პირის დაზღვევა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს
ავტომობილების მფლობელთათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს, - ამის შესახებ ირკვევა პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმიდან.
დოკუმენტის მიხედვით, თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული იქნება შეიძინოს სავალდებულო დაზღვევის პოლისი და გადაიხადოს სადაზღვევო პრემია.
„საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეულ მაღალ ხარჯებთან გამკლავების პრობლემა მოითხოვს სისტემურ გადაწყვეტას, რაც ათწლეულების კვლევისა და მრავალი ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლებელია განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვის გზით. ამ სისტემის ფარგლებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირი სათანადო კომპენსაციას კანონით განსაზღვრულ ფარგლებში იღებს მაშინაც კი, როდესაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია დაუზღვეველი ან/და დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
სოციალური დაცვის ამ ქმედითი მექანიზმის შესაქმნელად თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია შეიძინოს სავალდებულო დაზღვევის პოლისი და გადაიხადოს სადაზღვევო პრემია. დაზღვევის სავალდებულო ფორმით განხორციელება მიმართულია პენეტრაციის მაღალი ხარისხის მიღწევის და სადაზღვევო პრემიის ოდენობის ოპტიმალური მინიმიზაციისკენ, რაც მხოლოდ სრულად ათვისებული ბაზრის პირობებშია შესაძლებელი.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა წარმოადგენს ეკონომიკისა და სადაზღვევო სფეროს განვითარების ერთ-ერთ კომპონენტს და ხელს უწყობს საზოგადოებაში სოციალურ-ეკონომიკურ სტაბილურობას, უზრუნველყოფს ზიანის ანაზღაურების გარანტიების შექმნას, ცივილიზებულად აგვარებს საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევით წარმოქმნილ დავებს და პრობლემებს.
სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის დანერგვა ხელს შეუწყობს სახელმწიფოში სადაზღვევო კულტურის, ამ მიმართულებით მოქალაქეთა ცნობიერების და სექტორისადმი ნდობის ამაღლებას, რომლის გარეშეც შეუძლებელია დაზღვევის, როგორც მოულოდნელ ფინანსურ დანახარჯებთან გამკლავების ალტერნატული საშუალების ეფექტიანი ფუნქციონირება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ინფორმაციისთვის, ავტომობილების მფლობელთათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღებაზე წლებია მიმდინარეობს საუბარი, თუმცა უშედეგოდ. ამასთანავე, წლებია სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო იყოს.


