ბიზნესიდან პრემიერობამდე - რა ქონებას ფლობს უკრაინის ახალი პრემიერი სერგეი კორეცკი

სერგეი კორეცკი

უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი სერგეი კორეცკი გახდა.

პრემიერის თანამდებობაზე სახელმწიფო კომპანიების - „ნაფტოგაზისა“ და „უკრნაფტას“ ყოფილი ხელმძღვანელის დანიშვნას მხარი უკრაინის რადას 289 დეპუტატმა დაუჭირა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კორეცკის დანიშვნამდე მთავარი პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. ეს მოიცავდა ქვეყნის ზამთრისთვის მომზადებას, ენერგეტიკული და საწვავის ინფრასტრუქტურის დაცვას, ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილურობას და საერთაშორისო დახმარების ეფექტურად მართვას.

ამასთანავე, თანამდებობაზე დანიშვნამდე კორეცკი უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა და მომავალი მთავრობის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები დაასახელა. პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის იყო როგორც ევროკავშირში ინტეგრაცია, ისე ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, თავდაცვის გაძლიერება, ბიზნესის მხარდაჭერა, საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავება, საბინაო პროგრამების განხორციელება და ა.შ.

„პრიორიტეტულია თავდაცვის ძალების სრული აღჭურვა, უკრაინის თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსის პოტენციალის განვითარება, მოსახლეობის მხარდაჭერა და სოციალური დაცვა“, - განაცხადა სერგეი კორეცკიმ.

ვინ არის სერგეი კორეცკი - განათლება და კარიერის დასაწყისი

სერგეი კორეცკი 1978 წელს ლუცკში დაიბადა. უმაღლესი განათლება მიიღო ლუცკის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა მექანიკურ ინჟინერიასა და მოგვიანებით ბიზნესს. ამასთანავე, მან ივანო-ფრანკივსკის ნავთობისა და გაზის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტში (IFNTUOG) ნავთობისა და გაზის მოპოვების სპეციალობა დაამთავრა.

კარიერა 1999 წელს Continuum-ის კომპანიათა ჯგუფში უმცროს ანალიტიკოსად დაიწყო, 2007 წლიდან კი ამავე ჯგუფის გენერალური დირექტორი გახდა.

2013 წლიდან 2018 წლის ბოლომდე WOG-ის ბენზინგასამართი სადგურების ქსელის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა. ამის შემდეგ კი საკუთარი ბიზნესპროექტების განვითარებაზე გადავიდა.

როგორც უკრაინული მედია წერს, იყო შვეიცარიაში რეგისტრირებული ენერგეტიკული ტრეიდერის Centurion Group SA-ის თანადამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

ბიზნესიდან პოლიტიკამდე - კორეცკის გზა პრემიერობამდე

სერგეი კორეცკი პოლიტიკაში ბიზნესსამყაროდან მოვიდა. როგორც უკრაინული მედია წერს, 20-წლიანი ბიზნესკარიერის შემდეგ, მისი, როგორც კარგი მენეჯერის რეპუტაცია, იყო გადამწყვეტი, რის გამოც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე უკრაინის პრეზიდენტმა მისი კანდიდატურა განიხილა.

იქამდე კი, 2022 წელს კორეცკი ერთდროულად ორი სახელმწიფო კომპანიის - „უკრნაფტასა“ და „უკრტატნაფტას“ ხელმძღვანელად დაინიშნა. შედარებით მოკლე პერიოდში, „უკრნაფტამ“ წლების განმავლობაში ზარალიდან რეკორდულ მოგებაზე გადაინაცვლა. კომპანიამ გაზარდა წარმოება, აქტიურად გააფართოვა ბენზინგასამართი სადგურების ქსელი, დაიწყო აქტივების მოდერნიზაცია და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებს შორის ერთ-ერთი უდიდესი გადასახადის გადამხდელი გახდა.

2025 წლის გაზაფხულზე კორეცკი „უკრაინის ნაფტოგაზის“ აღმასრულებელი დირექტორი გახდა. მან კომპანია იმ დროს გადაიბარა, როდესაც მისი გაზის მარაგი ისტორიულ მინიმუმზე იყო, რადგან წინა მენეჯმენტმა ვერ შეძლო საკმარისი იმპორტის განხორციელება. მისი მუშაობის პირობებში „ნაფტოგაზმა“ მარაგი 13 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტამდე გაზარდა, საკუთარი რესურსებიდან თითქმის 1 მილიარდი დოლარი მოიზიდა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკისა და სახელმწიფო ბანკებისგან 1.57 მილიარდი ევროს დაფინანსება მიიღო.

როგორც Ukrainska Pravda წერს, დიდი ბიზნესიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებში გადასვლის შემდეგ, კორეცკიმ აჩვენა, რომ მას შეეძლო კრიზისულ პირობებში მუშაობა. თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ „ახლა ის გაცილებით რთული გამოწვევის წინაშე დგას“, რადგან მთავრობა არ არის კორპორაცია - ამ როლში შედეგები დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრის მენეჯერულ უნარებზე, არამედ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, პარლამენტსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ბალანსზე.

რა ქონებას ფლობს სერგეი კორეცკის ოჯახი

როგორც უკრაინული „ინტერფაქსი“ წერს, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კორეცკიმ 2025 წელს 32 მილიონ გრივნაზე მეტის შემოსავალი აღრიცხა. უფრო დეტალურად, 2025 წელს „ნაფტოგაზში“, „უკრნაფტაში“, „უკრტატნაფტასა“ და „ზამოკ ნა პანკივსკიში“ მიღებულმა შემოსავალმა 28.6 მლნ გრივნა შეადგინა, კომპანიებიდან დამატებითი ანაზღაურების სახით მან 215 639 გრივნა, საბანკო პროცენტების სახით 19 146 გრივნა, ხოლო კომპანია Saneco Trade LLC-დან 2.3 მლნ გრივნა მიიღო. ამავე პერიოდში მის მეუღლეს 4.8 მლნ გრივნაზე მეტის შემოსავალი აქვს მიღებული.

დეკლარაციის შევსების მომენტში კორეცკის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული ჰქონდა 331.6 ათასი აშშ დოლარი, 527.9 ათასი ევრო, 838 ფუნტი სტერლინგი და 1.1 მილიონი გრივნა. ნაღდი ფულის სახით ფლობს 275 ათას დოლარსა და 1.1 მილიონ ევროს. მისი მეუღლის საბანკო ანგარიშებზე ინახება 311 ათასი დოლარი, 9 ევრო და 4.9 მილიონი გრივნა.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, სერგეი კორეცკი დონეცკის ოლქში დაახლოებით 26.2 ჰექტარი საერთო ფართობის მიწის ნაკვეთებს ფლობს. ამასთანავე, მისი მეუღლე ფლობს 3.8 ათასი კვადრატული მეტრის საერთო ფართობის მქონე მიწის ნაკვეთებს ვოლინის ოლქში. ოჯახი ასევე უსასყიდლოდ სარგებლობს კიევში მდებარე ბინით.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, კორეცკის მეუღლე ფლობს 2021 წლის Maserati Levante-ს და ქირაობს 2017 წლის Land Rover Range Rover-ს, რომლითაც თავად კორეცკი სარგებლობს. ახალი პრემიერი ქირაობს 2018 წლის Mercedes-Benz E 220-ს.

დეკლარაციაში მითითებულია, რომ კორეცკი ფლობს ექვს ძვირადღირებულს საათს (Rolex, Patek Philippe, Breguet, OPUS და Ulysse Nardin), მის მეუღლეს კი ეკუთვნის ექვსი ძვირად ღირებული ჩანთა (Chanel და Hermes), ოთხი ძვირფასი გულსაკიდი (Chopard, Van Cleef & Arpels და Tiffany & Co.), ორი წყვილი საყურე (Tiffany & Co. და Van Cleef & Arpels), საათები (Rolex, Hublot და Patek Philippe), ოთხი სამაჯური (Cartier) და ორი ბეჭედი (Cartier და Tiffany & Co.).

გარდა ამისა, კორეცკი ფლობს კომპანია Molprom-Rezerv LLC-ის 19.93%-იან წილს. ის არის კვიპროსში რეგისტრირებული Unigo Holdings Limited-ისა და Sungroup Invest (Cyprus) Ltd-ის 100%-იანი მფლობელი, ასევე კომპანია Solar Production Ukraine LLC-ის საბოლოო ბენეფიციარი. მისი მეუღლე კი ფლობს კომპანიებს - Fortex Energy LLC-სა და Nova Kofeyna Kultura LLC-ს.

დეკლარაციაში კორეცკი ასევე უთითებს, რომ ფლობს სასაქონლო ნიშნების უფლებებს შემდეგ ბრენდებზე: Bilshe Radosti, Doppio, Idealist, GREENWOOD, IamIdealist, Idealist coffee და Tutti.

BPN