1773382593
„ძალიან ძვირიანი შეზღუდვაა - სამიზნე ჯგუფის 98% მაინც ზარალდება, კერძოდ, ისინი ვისაც ავტომობილი ოჯახის სარჩენად სჭირდებოდა“
„მთლად აკრძალვა არ არის, თუმცა მისი ტოლფასია - ძალიან ძვირიანი შეზღუდვაა“, - ასე აფასებს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 6 წელზე მეტი წლოვანების მანქანების განბაჟება 5.6-ჯერ ძვირდება.
როგორც მევლუდ მელაძე ამბობს, ვისაც კონკრეტული, სპეციფიკური მოდელების შეძენა უნდოდა, ის მაინც ჩამოიყვანს, თუმცა ძვირად, სამიზნე ჯგუფის 98% კი მაინც დაზარალდება. კერძოდ,
ისინი, ვისაც შედარებით ძველი ავტომობილები ოჯახის სარჩენად სჭირდებოდა.
„თავიდან, როდესაც საუბარი იყო 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვაზე, მაშინ ვთქვი, რომ ნებისმიერი აკრძალვის წინააღმდეგი ვარ. ვთვლი, რომ აკრძალვა არის არასწორი. შეიძლება შეზღუდვა დააწესო, მაგრამ არა აკრძალვა.
"98% მაინც ზარალდება - ის ვისაც ავტომობილი ოჯახის სარჩენად სჭირდებოდა"
ახლა რაც შეეხება ამ შეზღუდვას, მოდი ასე ვთქვათ, აკრძალვას სჯობია, მაგრამ ჩემი აზრით, ძალიან ძვირიანი შეზღუდვაა. შეიძლება სპეციფიკური ავტომობილები იყოს და თუ ვიღაცას უნდა კონკრეტული მოდელის ჩამოყვანა (რაც წინა შემთხვევაში უკვე საკუთრების შეზღუდვასაც ნიშნავდა), ამას მაინც გააკეთებს და შეიძენს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არის ისეთი ავტომობილები, რომლებიც ფიზიკურად უნდა არსებობდნენ და თუ ვიღაცას უნდა, მისი შეძენა, ეს გადაწყვეტილება მთლად აკრძალვა არ არის, თუმცა მისი ტოლფასია. იმიტომ, რომ გამოდის, სამიზნე ჯგუფის 98% მაინც ზარალდება. მხოლოდ ერთეული ავტომობილი ჩამოვა, ვისაც უბრალოდ ძალიან უნდა, რომ ჰყავდეს რაღაც კონკრეტული მოდელი, თორემ მასიურად იმ სეგმენტისთვის, ვინც ამით ოჯახს არჩენდა, მათთვის არაფერი შეცვლილა.
ეს უბრალოდ არის ის, რომ საკუთრების უფლება არ დაირღვევა და თუ გინდა, რომ რაღაცა ნივთი შეიძინო, მას შეიძენ მაგრამ ძვირად. შედეგად, ეკონომიკური და სხვა მიმართულებით, არაფერი შეცვლილა“, - ამბობს მევლუდ მელაძე.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის დადგენილებით, საქართველოში 1-ელი აპრილიდან 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ანუ მსუბუქი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა იგეგმებოდა. თუმცა, როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 12 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის გადაწყვეტილებაში კორექტირება შევიდა და მოქალაქეები მანქანების შემოყვანას და რეგისტრაციას შეძლებენ, თუმცა გაზრდილი აქციზის გადახდა მოუწევთ. კერძოდ, პრემიერის განცხადებით, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილის შემოყვანაზე დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი (კუბურ სანტიმეტრზე). შედეგად, თუ ამ გადაწყვეტილებამდე მოქმედი ტარიფებით 6 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილების განბაჟებისთვის ძრავის ერთი კუბური სანტიმეტრი 0.8 ლარის აქციზით იბეგრებოდა, ცვლილებით ტარიფი 4.5 ლარამდე იზრდება. ეს კი აქციზის 5.6-ჯერ გაზრდას ნიშნავს.



