1784617180
„ეს რომ იცოდნენ, სიჩქარეს აღარ გადააჭარბებდნენ - სიჩქარის გაორმაგება სამუხრუჭე მანძილს ოთხჯერ ზრდის“ - ავტოექსპერტი
საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებისთვის მხოლოდ სანქციების გამკაცრება საკმარისი არ არის.
როგორც ავტოექსპერტი ზურა ბეჟაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, მთავარი პრობლემა საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნის ნაკლებობაა.
მისივე თქმით, როგორც მედიაში, ისე საჯარო და კერძო ორგანიზაციებში აუცილებელია საგანმანათლებლო კამპანიებისა და ლექციების ჩატარება, რათა მძღოლებმა გააცნობიერონ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მოძრაობის წესების დარღვევას.
როგორც ზურა ბეჟაშვილი აცხადებს, ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს.
„ნომერ პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის შემეცნებითი გადაცემები. არ არსებობს განვითარებული ქვეყანა, რომელმაც ეს ეტაპი არ გაიარა. დღეს ჩვენ გვჭირდება, რომ ყველა მედიასაშუალებით - ტელევიზიით, ჟურნალით, ინტერნეტითა თუ სოციალური ქსელებით - მუდმივად ხდებოდეს საგზაო უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
გარდა ამისა, აუცილებელია ლექციები ჩატარდეს ორგანიზაციებში, მედიაში, სახელმწიფო უწყებებში. ჩემი აზრით, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მაინც უნდა ტარდებოდეს ასეთი შეხვედრები, რათა ადამიანებმა გაიგონ, რა არის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმები.
პრაქტიკულად არავინ იცის, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სიჩქარის გადაჭარბებას ან არასწორ მანევრს. სწორედ ამიტომ ხდება ამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა,“ - აცხადებს ზურა ბეჟაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“.
მისივე განმარტებით, მძღოლების უმეტესობამ არც ის იცის, რომ სიჩქარის გაზრდა ავტომობილის გაჩერებისთვის საჭირო მანძილს მნიშვნელოვნად ზრდის.
„სიჩქარის გაორმაგება სამუხრუჭე მანძილის გაორმაგებას კი არ იწვევს, არამედ მის გაოთხმაგებას. მაგალითად, თუ 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას ავტომობილი დაახლოებით 15 მეტრში ჩერდება, 120 კმ/სთ სიჩქარის შემთხვევაში გაჩერებისთვის ოთხჯერ მეტი მანძილი სჭირდება.
ეს რომ ადამიანებმა იცოდნენ და საკუთარი თვალით ენახათ ექსპერიმენტი, სიჩქარეს აღარ გადააჭარბებდნენ,“ - ამბობს ავტოექსპერტი.
ზურა ბეჟაშვილი კიდევ ერთ პრობლემად წვიმის დროს განათების გამოუყენებლობას ასახელებს და მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით რეგულაციებიც უნდა გამკაცრდეს.
„წვიმის დროს, როდესაც ხილვადობა იზღუდება, ახლო მაშუქების ჩართვა აუცილებლად უნდა იყოს სავალდებულო. თუ ძლიერი წვიმაა, მძღოლმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს ახლო მაშუქები, რადგან ასეთ დროს არც თვითონ ხედავს კარგად და არც სხვა მძღოლები ხედავენ მას. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს.
ზოგიერთ ავტომობილს ეს სისტემა ქარხნულად აქვს, თუმცა ვიცი შემთხვევები, როდესაც მძღოლები მას სპეციალურად თიშავენ. ეს უსაფრთხოებისთვის შექმნილი სისტემაა და მისი გათიშვა არასწორია,“ - აცხადებს ზურა ბეჟაშვილი.
მისი შეფასებით, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე ერთდროულად უნდა მუშაობდნენ ავტოინჟინრები, ექსპერტები, ნარკოლოგები და იურისტები, ხოლო ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე პასუხისმგებლობა კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.
„ვფიქრობ, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე სასჯელი კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს,“ - აღნიშნა ზურა ბეჟაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.



