ე.წ. „დეკრეტული“ შვებულების ფულადი დახმარება 1 000 ლარიდან 2 000 ლარამდე გაიზარდა

ორსული

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც პრემიერმა აღნიშნა, რომ ე.წ. „დეკრეტული“ შვებულების ფულადი დახმარება 1 000 ლარის ნაცვლად 2 000 ლარით განისაზღვრა. გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის განსაზღვრისა და გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“.

დადგენილების პროექტის თანახმად, აღნიშნული ფულადი დახმარების ოდენობა ჯამურად 1 000 ლარის ნაცვლად 2 000 ლარით განისაზღვრა.

ამასთან, საჯარო სკოლის მასწავლებელს, ორსულობისა და მშობიარობის გამო, ბავშვის მოვლის გამო, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებად შვებულებებთან დაკავშირებით, ზემოაღნიშნულ დახმარებასთან ერთად, დამატებითი სოციალური დაცვის ღონისძიების სახით, მის მიერ შვებულებების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად მიეცემა დამატებითი ანაზღაურება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; დადგენილების მოქმედება გავრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2023 წლის 1 იანვრიდან ისარგებლებენ ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით, ბავშვის მოვლის გამო შვებულებითა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებით.