„გადახდა ყველა საბანკო ბარათით იქნება შესაძლებელი“ - რა იცვლება საბანკო გადახდებში

საგადახდო ბარათი

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში იგეგმება ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში „ჭკვიანი მარშრუტიზაციის“ სისტემის დანერგვა განხორციელდება. შედეგად, სავაჭრო ობიექტებში ნებისმიერი საბანკო ბარათით გადახდა ერთი ტერმინალიდან იქნება შესაძლებელი.

ინფორმაციისთვის, „ჭკვიანი მარშრუტიზაცია“ გულისხმობს გადახდების ისეთ სისტემას, რომელიც ტრანზაქციის განხორციელებისას ირჩევს ყველაზე სწრაფ, იაფ და ოპტიმალურ გზას. „ჭკვიანი მარშრუტიზაცია“ შეამოწმებს მაგალითად, საკომისიოს მოცულობას, ოპერაციის სიჩქარეს და ტრანზაქციას განახორციელებს საუკეთესო გზას შეარჩევს.

ჯერ კიდევ გასულ კვირას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, რომ ეროვნულ ბანკს ექნება ვალდებულება, შეიმუშაოს ყველას ის მექანიზმი, რაც პროვაიდერებს ახალი სისტემის მორგებაში დაეხმარება. მანვე აღნიშნა, რომ კანონპროექტით ცვლილებების ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2026 წლის აპრილი და იქვე დასძინა, რომ მზად არიან საკითხზე სამსჯელოდ.

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნა, რომ რიგი კითხვები აქვთ, რასთან დაკავშირებითაც ეროვნულ ბანკთან კომუნიკაცია ხორციელდება.

„არ არის სრულად დეტალები დაზუსტებული. არ გვაქვს ჯერჯერობით ინფორმაცია ვადა გადაიწევს თუ 1-ელი აპრილი დარჩება ისე, როგორც პირველად ვერსიაშია. ტექნიკური აღწერილობა არ აქვს კანონპროექტს და ბევრი კითხვაა. ამ კანონში წერია, რომ რიგი საკითხები უნდა დაარეგულიროს ეროვნულმა ბანკმა. ეროვნულ ბანკთან ვმუშაობთ ახლა. წესით შემდეგ განხილვამდე მეტი ინფორმაცია გვექნება, მათ შორის ვადებთან დაკავშირებით“, - დასძინა მან.

როგორც ალექსანდრე ძნელაძემ აღნიშნა, ეს კანონპროექტი განსაზღვრავს, რა ვალდებულებები ექნება ტერმინალის მიმწოდებელს და როგორ უნდა შეასრულოს ეს ვალდებულებები.

„ვალდებულება იქნება ის, რომ როდესაც გადამხდელი მივა ტერმინალთან, ტერმინალის მფლობელმა უზრუნველყოს, რომ ამ ტერმინალზე ბარათი გატარდეს საუკეთესო მარშრუტზე. ეს არის ის, რისი მიღწევაც ამ კანონით გვინდა, მაგრამ დეტალური აღწერა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავიგოთ, შევძლებთ ამის მიღებას თუ ვერა“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ალექსანდრე ძნელაძეს მივმართეთ კითხვით, „ჭკვიანი მარშრუტიზაციის“ დანერგვა, მოახდენს თუ არა გავლენას სხვადასხვა ბანკის ლოიალობის შეთავაზებებზე:

„ეს დამოკიდებული არ არის პირდაპირ ტერმინალთან, თუ კითხვა არის იმის შესახებ, ფასი რა იქნება, ამ ფასში შესაძლებელი იქნება თუ არა ლოიალობის შეთავაზებების არსებობა, ეს ამასთან კავშირში არ არის. ეს პირდაპირ პროპორციულად ამას არც წაახალისებს და არც ხელს არ შეუშლის. „ქეშბექების“ დიდი ნაწილი არ არის მხოლოდ მიღებული საკომისიოებიდან, შესაძლოა რეალიზატორს ჰქონდეს ფასდაკლება ან ლოიალობაში თავად მონაწილეობდეს“, - განაცხადა ძნელაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

ამავე კითხვით, მივმართეთ ეროვნულ ბანკსაც, სადაც „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ „საბანკო ბარათების დაგროვებით სისტემაზე, რაც გადახდილი თანხის პროცენტის დაბრუნებას ანუ ქულების დაგროვებას უკავშირდება, აღნიშნული რეგულაციები არ ვრცელდება“.

„ჭკვიანი მარშრუტიზაციის ფუნქციის მქონე ტერმინალის სხვადასხვა ობიექტში განთავსება შეუძლია შესაბამის დაინტერესებულ სუბიექტს, ვინც დააკმაყოფილებს ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაბამის სქემებს შეათანხმებს ეროვნულ ბანკთან.

მომხმარებელს ახალ ტერმინალზე გადახდა ყველა საბანკო ბარათით შეეძლება.

ტერმინალისა და ბარათის მომსახურების საფასურს, ისევე როგორც დღეს, გადაიხდის სავაჭრო ობიექტი“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნულ ბანკში.

bpn.ge