გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით თბილისის უბნებს შორის დიდი დიღომი ლიდერობს - ყველაზე მაღალი ფასი კი ვაკეში დაფიქსირდა

თბილისი

ბინების გაყიდვების ყველაზე მაღალი ზრდა ნაძალადევში, ყველაზე მაღალი ფასი კი ვაკეში დაფიქსირდა, — ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაში აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში, გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით თბილისის უბნებს შორის ლიდერობდა დიდი დიღომი, რომელმაც პირველად, 2021 წლის აპრილის შემდეგ, გადაასწრო საბურთალოს. დიდი დიღომი ასევე გამოირჩევა ახალი ბინების გაყიდვების ყველაზე მაღალი დონით (222 ბინა), წინა წელთან 8%-იანი ზრდით. საბურთალოზე კი ახალი ბინების გაყიდვების რაოდენობა წლიურ ჭრილში 33%-ით შემცირდა.

2023 წლის თებერვალში წინა წელთან შედარებით ახალი ბინების გაყიდვების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა ნაძალადევში (+250%), დიდუბეში (+64%) და გლდანში (+37%). მთაწმინდასა და ვაკეში კვლავ ყველაზე მაღალი გასაყიდი ფასები დაფიქსირდა (>1,800$). ყველა უბანში მნიშვნელოვანი წ/წ ზრდა შეინიშნება როგორც ძველი, ასევე ახალი ბინების შემთხვევაში.