1778823500
„ღამის საათებსა და დასვენების დღეებში საქმიანობა“ - რა შემთხვევაში და ვინ მიიღებს საჯარო უწყებებში პრემია-დანამატებს?
საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სახელფასო დანამატსა და ფულად ჯილდოს მიიღებენ, - შესაბამისი კანონპროექტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა პირველი მოსმენით წარადგინა.
კანონპროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.
ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, აღნიშნულ პირებს სახელფასო დანამატი ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის მიეცემათ.
მისივე ინფორმაციით, სახელფასო დანამატის გაცემისთვის ზემდგომი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება საჭირო.
რაც შეეხება ფულად ჯილდოს - ის შეიძლება გაიცეს მათთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ, ასევე განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.
მთავრობის საპარლამენტო მდივანმა კანონში შესატან იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც საჯარო დაწესებულებებში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა პირთა რიცხოვნობის გაზრდას შეეხება.
ცვლილების თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს. დღეს მოქმედი რედაქციით, მათი რაოდენობა 10%-ით იყო განსაზღვრული.
მომხსენებლის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებებზე არ გავრცელდება.
კომიტეტის წევრებმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.



