სოხუმში რუსეთთან რეგულარული ავიარეისების შესრულებას 2025 წლის ტურისტული სეზონისთვის გეგმავენ

ავიარეისი

აფხაზეთსა და რუსეთს შორის რეგულარული ფრენები 2025 წლის ტურისტული სეზონისთვის განახლდება, წელს კი სატესტო რეისი შესრულდება. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში წერია.

აეროპორტის სარეკონტრუქციო სამუშაოები ასლან ბჟანიამ დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტ ბადრი გუნბას, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის, ასევე, ეკონომიკის დე ფაქტო მინისტრებთან, ჯანსუღ ნანბასა და კრისტინა ოზგანთან ერთად დაათვალიერა.

ბჟანაის ადმინისტრაციის ცნობით, აეროპორტის ტერიტორიაზე ინერტული მასალის საწყობების განსათავსებლად საწარმოო ბაზის მომზადება გრძელდება, ხოლო ცემენტ-ბეტონის საწარმოო ქარხნების საძირკვლის მოწყობა დასრულდა და ამჟამად თავად ქარხნების მონტაჟი მიმდინარეობს. 

პრესსამსახურის ცნობით, „ასაფრენი ზოლის, მოსახვევი ბილიკებისა და ბაქნის ზედაპირის რეკონსტრუქცია განრიგის მიხედვით მიმდინარეობს.” ამ სამუშაოების დასრულება ივლისის ბოლოს იგეგმება, რის შემდეგაც, დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, აეროპორტი პირველი ტექნიკური რეისის მიღებას შეძლებს. ბჟანიამ ე.წ. სამინისტროებსა და შესამბამის სამსახურებს დაავალა, “განრიგი მკაცრად დაცვან, რომ პროექტი დაგეგმილ ვადებში განხორციელდეს”.

სოხუმის აეროპორტის კომპლექსური რეკონსტრუქცია ორ ეტაპად მიმდინარეობს. კერძოდ, პირველ ეტაპზე ასაფრენი ბილიკი აღდგება, ასევე, მგზავრებისა და ავიაკომპანიების მომსახურების ოპერატიულად დასაწყებად დროებითი ნაგებობები აშენდება. მეორე ეტაპზე თანამედროვე ახალი სამგზავრო ტერმინალი მთლიანი საწარმოო და მომსახურების ინფრასტრუქტურით, ასევე, ახალი ბაქანი აშენდება.

აპრილის ბოლოს ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის ამოქმედებამ, შესაძლოა, დამატებითი სანქციები გამოიწვიოს იმ ავიაკომპანიების მიმართ, რომლებიც აფხაზეთში იფრენენ. მან, ასევე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ICAO საქართველოს ინიციატივით სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისა და გაშვების პროექტს ბლოკავს.

ცნობისთვის: აეროპორტის რეკონსტრუქციას რუსული კომპანია, „ინფრასტრუქტურული განვითარება“ ეწევა, რომლის თანამფლობელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის შვილი, რაშიდ ნურგალიევ-უმცროსია. ეს კომპანია კრემლმა გასული წლის 10 ივლისს, სპეციალურად სოხუმის აეროპორტის მშენებლობისთვის დააფუძნა. რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროექტში ინვესტიციები 12 მლრდ რუბლს (132 მლნ დოლარს) შეადგენს.