1769928071
ხორცი, ძვირფასი ქვები, ადამიანის კანი - კიდევ რას ამზადებენ ლაბორატორიებში
მბრწყინავი ბრილიანტებიდან წვნიან სტეიკებამდე - მეცნიერები ბუნებრივი პროდუქტების სინთეზურ ალტერნატივებს ქმნიან, რომლებიც გარეგნობით, გემოვნებითი თვისებებით რეალურისგან თითქმის არც კი განსხვავდება.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ნაწარმს, რომელთა დამზადებაც ლაბორატორიაშია შესაძლებელი და მათი ნაწილი უკვე სავაჭრო ქსელებში იყიდება.
ბრილიანტები
ლაბორატორიაში გამოყვანილი ალმასები პრაქტიკულად, არ განსხვავდება ბუნებრივად მოპოვებული ქვებისგან. ინოვაციების სწრაფი განვითარების, წარმოების ოპტიმიზაციისა და მკაცრი კონკურენციის შედეგად, ლაბორატორიული ბრილიანტების წარმოება უკვე რამდენიმე საათშია შესაძლებელი და მათი თვითღირებულება დაახლოებით 90%-ით იაფია მოპოვებულთან შედარებით.
ძვირფასი ქვები
როგორც ლაბორატორიულად გამოყვანილი ალმასები, ისე ხელოვნურად შექმნილი ზურმუხტები, საფირონები, რუბინები და სხვა ძვირფასი ქვები ქიმიური და ოპტიკური თვისებებით სრულად იდენტურია ბუნებრივი ანალოგებისა. ლაბორატორიული ძვირფასი ქვები კონტროლირებულ გარემოში იწარმოება, რაც გარემოზე ზემოქმედებას ამცირებს.
ბამბა
ბუნებრივი ბამბის მოყვანა დიდი რაოდენობით წყალს, პესტიციდების ინტენსიურ გამოყენებას და ხშირ შემთხვევაში იძულებით ან ბავშვთა შრომას მოითხოვს, განსაკუთრებით ისეთ რეგიონში, როგორიცაა ინდოეთი. ამ პრობლემის ალტერნატივად მოიაზრება კომპანია Galy-ის Literally Cotton, რომელიც ჟურნალ TIME-ის მიერ 2024 წლის ერთ-ერთ საუკეთესო გამოგონებად დასახელდა. ეს ქსოვილი ბიორეაქტორებში მცენარეული უჯრედებიდან იზრდება, 99%-ით ნაკლებ წყალს მოიხმარს და ამასთან, ნახშირორჟანგის ემისიებს 77%-ით ამცირებს. სწრაფი მოდის გიგანტების — H&M-ისა და Inditex-ის მხარდაჭერით, კომპანია უკვე ზრდის წარმოების მასშტაბებს.
ტყავი
ტრადიციული ტყავის წარმოება დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული: ცხოველთა ექსპლუატაცია, ტოქსიკური დამუშავება და მაღალი ნახშირბადული კვალი. ამჟამად კომპანიები LGL და Faircraft ავითარებენ უჯრედულ, ლაბორატორიაში გამოყვანილ ტყავის ალტერნატივებს. მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმოება ჯერ შეზღუდულია, ახალი თაობის მასალები მოდის ინდუსტრიას რევოლუციას ჰპირდება.
ადამიანის კანი
მსოფლიოში პირველად, ქუინზლენდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მათ ლაბორატორიაში სრულად ფუნქციონირებადი ადამიანის კანის გამოყვანა შეძლეს, რომელიც მოიცავს სისხლძარღვებს, ნერვებს, თმის ფოლიკულებს, იმუნურ უჯრედებს და საკუთარ სისხლის მიმოქცევის სისტემას. ექვსწლიანი მუშაობის შედეგად შექმნილმა „კანის ორგანოიდმა“ შესაძლოა, რადიკალურად შეცვალოს დამწვრობის, ჭრილობებისა და კანის ანთებითი დაავადებების მკურნალობის მეთოდები.
ცხოველური კოლაგენი
კოლაგენი უზარმაზარი ბიზნესია - კოსმეტიკური შრატებიდან დაწყებული საკვები დანამატებით დამთავრებული, ნაწარმის გლობალური ბაზარი დაახლოებით 4.9 მილიარდ დოლარად ფასდება. ტრადიციულად კოლაგენი ცხოველთა კანისა და ძვლებისგან მიიღება. ორი ამერიკული სტარტაპი ცდილობს ამ მიდგომის შეცვლას.
კომპანია Geltor მიკრობულ ფერმენტაციასა და საკუთარ პლატფორმას - Biodesigner AI-ს იყენებს კოსმეტიკისა და საკვები პროდუქტებისთვის სპეციალურად მორგებული ცილების შესაქმნელად, ხოლო Jellatech უშუალოდ უჯრედებიდან ზრდის კოლაგენსა და ჟელატინს ცხოველების გამოყენების გარეშე. მიღებული პროდუქტი ქიმიურად იდენტურია ბუნებრივთან.
საქონლის ხორცი
ლაბორატორიაში გამოყვანილი საქონლის ხორცი მიიღება ცოცხალი ძროხის უჯრედების მცირე ნიმუშის აღებით, რომელიც შემდგომ იზრდება საკვებად ვარგის ხორცად. ეს პროცესი გამორიცხავს მასობრივ მეცხოველეობას, დაკვლასა და მათთან დაკავშირებულ ეკოლოგიურ პრობლემებს.
ტექნოლოგიის პიონერები არიან კომპანიები Aleph Farms, Mosa Meat და Ivy Farm. ისინი ქმნიან როგორც ფარშს, ისე მთლიან სტეიკებს.
ქათმის ხორცი
ლაბორატორიაში გამოყვანილი ქათმის ხორცი, რომელიც 2017 წელს შეიქმნა, ნელ-ნელა მასობრივ კომერციალიზაციას უახლოვდება. ამერიკულმა კომპანიებმა Upside Foods-მა (ყოფილი Memphis Meats) და Eat Just-მა მარეგულირებელი ორგანოებისგან საკუთარი პროდუქტების გაყიდვის ნებართვა მიიღეს, თუმცა ამჟამად ქათმის ფარშს ან დაჭრილ ქათმის ხორცს აწარმოებენ.
ღორის ხორცი
აქტიურად ვითარდება ლაბორატორიაში გამოყვანილი ღორის ხორციც. ჩინელმა მკვლევრებმა შექმნეს მცირე ზომის ნაჭრები, რომლებიც გემოთი და ტექსტურით ნამდვილ ღორის ხორცს ჰგავს, ხოლო 2023 წელს ბრიტანელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს პირველი ლაბორატორიული ღორის სტეიკი.
ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს კომპანია Mission Barns-მა შეიმუშავა კულტივირებული ღორის ცხიმი და უკვე მიიღო ნებართვა მისი კომერციული გამოყენებისთვის.
ორაგული
ამერიკულმა სტარტაპმა Wildtype ისტორიაში პირველად წარადგინა FDA-ის მიერ დამტკიცებული კულტივირებული ზღვის პროდუქტი - უჯრედებიდან გამოყვანილი ორაგული. უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებში გაზრდილი ფილე მხოლოდ 2 კვირაში იზრდება და განკუთვნილია სუშის, ცევიჩესა და გურმანული კერძებისთვის. ის არ შეიცავს ძვლებს, ქერცლს და ოკეანის დამაბინძურებელ ნივთიერებებს. Wildtype-ის ორაგული უკვე 2025 წელს სერვირდებოდა ორეგონის ერთ-ერთ რესტორანში.
ხილი
ხილიც ისევე იქმნება ლაბორატორიაში, როგორც ხორცი - მცენარეული ქსოვილის მცირე ნიმუშები მრავლდება და მიიღება ხილის რბილობი ან ფხვნილი, რომელიც შეიცავს იმავე შაქრებს, არომატებსა და საკვებ ნივთიერებებს, რასაც ნამდვილი ხილი. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია ჯერ კვლევის ეტაპზეა, ის პერსპექტიულად ითვლება.
აბრეშუმი
დღეს ბიოტექნოლოგები ლაბორატორიაში ქმნიან აბრეშუმს გენეტიკურად მოდიფიცირებული მიკროორგანიზმების გამოყენებით, რომლებიც ფერმენტაციის გზით წარმოქმნიან ცილებს მსუბუქი, გლუვი და ბიოდეგრადირებადი ბოჭკოების მისაღებად. პიონერ კომპანიებს შორის არიან Bolt Threads (Microsilk), Spiber Technologies (Brewed Protein) და AMSilk. მათ მიერ შექმნილი ეკოლოგიურად სუფთა მასალები სიმტკიცითა და რბილობით ტრადიციულ აბრეშუმს ძალიან ჰგავს.
ყავა
ლაბორატორიაში გამოყვანილი ყავა უკვე არსებობს. სტარტაპები, როგორიცაა Coffeesai, ბიორეაქტორებში ზრდიან ყავის უჯრედებს და მხოლოდ სამ კვირაში აწარმოებენ იმ რაოდენობის ნედლეულს, რაც 1 000 ხისგან მიიღება. შემდგომ პროდუქტი იწვება და იფქვება როგორც ჩვეულებრივი ყავა.
კაკაო
ბოლო სამ წელიწადში კაკაოს ფასები სამჯერ გაიზარდა და მოთხოვნა კვლავ მატულობს. სტარტაპები California Cultured და Celleste Bio, აგრეთვე ინდუსტრიის გიგანტი Barry Callebaut, ბიორეაქტორებში მცენარეული უჯრედებიდან ქმნიან კაკაოს ფხვნილსა და ზეთს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ალტერნატივები ჯერ ოფიციალურად დამტკიცებული არ არის, მათ შეუძლიათ სტაბილური წარმოება ტყეების გაჩეხვისა და შრომითი ექსპლუატაციის გარეშე.
წყარო: lovemoney



