1769409000
რუსეთში შესვლაზე ახალი წესები იმოქმედებს - რომელი ქვეყნის მოქალაქეებზე გავრცელდება
24 იანვრიდან რუსეთის ფედერაციაში შესვლაზე ჩინეთის მოქალაქეებისთვის ახალი წესები მოქმედებს.
კერძოდ, ძალაში შევიდა რუსეთის ფედერაციის მთავრობის №872 ბრძანება - „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეების რუსეთის ფედერაციაში შესვლისა და რუსეთის ფედერაციიდან გასვლის დროებითი წესის შესახებ“.
როგორც ЦДИ იუწყება, დოკუმენტი მნიშვნელოვნად ამარტივებს ფედერაციაში ყოფნის პირობებს ჩინეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთში მოგზაურობენ.
ბრძანების თანახმად, 2026 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით, ჩინეთის მოქალაქეებს შეეძლებათ რუსეთში შესვლა და მის ტერიტორიაზე ყოფნა ვიზის გარეშე მაქსიმუმ 30 დღის ვადით. ეს ეხება როგორც საქმიან ვიზიტებს, ტურიზმს, სამეცნიერო, კულტურულ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას, ასევე ტრანზიტულ გადაადგილებას. ამისთვის საკმარისი იქნება ჩინეთის მოქალაქის ჩვეულებრივი პასპორტის წარდგენა.
აღსანიშნავია, რომ ახალი წესები არ ვრცელდება იმ ჩინეთის მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში შედიან სამუშაო საქმიანობისთვის, განათლების მისაღებად, მუდმივად ცხოვრების ან საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების განხორციელების მიზნით. ვიზის გარეშე შესულ ჩინეთის მოქალაქეებს რუსეთში ყოფნა წლის განმავლობაში ჯამურად არაუმეტეს 90 დღის ვადით შეეძლებათ, ხოლო ერთჯერადი ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან 30 დღეს. წლის განმავლობაში შესვლების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
ვიზის გარეშე მოგზაურები სავალდებულო სახელმწიფო დაქტილოსკოპიური რეგისტრაციის, ფოტოგრაფირების და სამედიცინო შემოწმებისგან გათავისუფლდებიან. თუმცა, რუსეთის ფედერაციაში ვიზის გარეშე შესული ჩინეთის მოქალაქეები ვერ შეძლებენ დროებითი ბინადრობის ნებართვის ან ბინადრობის ნებართვის მიღებაზე განაცხადის შეტანას.



