1765452041
კვერცხის დეფიციტის რეალური მიზეზები – "კოდას" დამფუძნებლის განმარტება
საქართველოში კვერცხის დეფიციტი რამდენიმე მიზეზმა ერთდროულად გამოიწვია. როგორც მეფრინველეობის კომპანიის "კოდას" დამფუძნებელმა ზურაბ ჭუჭულაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ჰოლანდიიდან სანაშენე წიწილების დაგვიანებულმა მოწოდებამ და თურქეთიდან იმპორტის თითქმის სრულად განულებამ ბაზარზე პრობლემები შექმნა.
მისივე თქმით, მდგომარეობა უკვე დასტაბილურებულია და უახლოეს დღეებში დახლებზე კვერცხის დეფიციტი აღარ იქნება.
"რამდენიმე პრობლემა დაემთხვა ერთმანეთს - პირველ რიგში ის, რომ ჩვენ ერთდღიანი სანაშენე წიწილი ჰოლანდიიდან შემოგვყავს. ჰოლანდიას ჰქონდა გარკვეული პრობლემები და შედეგად, დაახლოებით, 1.5 თვით მოწოდება გაჭიანურდა. ეს წიწილი გაიზარდა, ახლა უნდა მოეცა კვერცხი, მაგრამ რადგან ციკლი დაირღვა, დაახლოებით იგივე პერიოდით გადაიწია წარმოების პიკმა. გვინდოდა ეს პიკი საახალწლოდ გვქონოდა, მაგრამ ამან დაახლოებით, იანვრის 10-სთვის გადაიწია.
მეორე საკითხია თითქმის განულებული კვერცხის იმპორტი. თურქეთიდან საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით კვერცხი შემოდიოდა და თითქმის მთელ აჭარაში იყიდებოდა. ამჟამად, თურქეთი საქართველოში კვერცხს ვეღარ აგზავნის. მიზეზი შემდეგია - აშშ-ში იყო ქათმის გრიპის პრობლემა და მან კვერცხის შესყიდვა ყველა ქვეყნიდან დაიწყო, მათ შორის, თურქეთიდან. გარდა ამისა, აშშ-მ თურქეთს დაუდო ხელშეკრულება, რაც გულისხმობს იმას, რომ ზედმეტი კვერცხი აშშ-ში უნდა იქნეს გაგზავნილი. შედეგად, თურქეთმა, საშუალო ზომის, ანუ 0 და 1-ელი კატეგორიის კვერცხის ექსპორტი სხვა ქვეყნებში აკრძალა, რადგან მხოლოდ აშშ-ში აგზავნის. შესაბამისად, ახლა თურქეთიდან ჩვენთან შესაძლებელია შემოვიდეს, ან ძალიან პატარა ზომის, ან ძალიან დიდი ზომის კვერცხი. საქართველოს ბაზარი მათთვის საინტერესო აღარ არის. აქედან გამომდინარე, ეს მეორე პრობლემაც დაგვემთხვა.
არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, უკვე იმ ქათამმა, რომელსაც გეგმურად უფრო ადრე უნდა დაეწყო კვერცხის დება, იწყებს და უახლოეს დღეებში პრობლემა მოიხსნება. ამჟამად, რეალურად დეფიციტი არ უნდა იყოს, უბრალოდ რადგან რამდენიმე დღის განმავლობაში იმ რაოდენობის კვერცხი ვერ მოხვდა დახლებზე, ხალხმა უფრო მეტი კვერცხის შეძენა დაიწყო, რადგან პანიკა დაინერგა, რომ რაღაც სასწაული ხდება. ადამიანმა, რომელიც სტანდარტულად ყიდულობდა ხოლმე 10 კვერცხს - ახლა 30 და 40 კვერცხი შეიძინა, რამაც გამოიწვია ცარიელი დახლები.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქათმის გრიპის გავრცელების ზღვარზეა ქვეყანა - აბსოლუტური მარაზმია და მსგავსი არაფერი ხდება. უბრალოდ ბევრი ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს. დეკემბერი ყველაზე გაყიდვადი თვეა და ეს ყველაფერი, რომ ამ პერიოდში მოხდა უფრო მეტად დაეტყო ბაზარს. დღეს უკვე აღარ არის პრობლემა და ეს აჟიოტაჟი პანიკის გამო ხდება. 10 დღის წინ ნამდვილად იყო ნაკლები მიწოდება, მაგრამ დღეს ეს უკვე აღვადგინეთ, მაგრამ არ ყოფნის, რადგან გაცილებით ბევრს ყიდულობენ ადამიანები.
ჩვენ სტანდარტულად ვაგრძელებთ მუშაობას. დისტრიბუციის დამატება საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ახლო მომავალში ეს პანიკა გადაივლის და დამერწმუნეთ, რომ ქვეყანაში ყველასთვის სამყოფი კვერცხის წარმოება ხდება", - აცხადებს ზურაბ ჭუჭულაშვილი.
მანვე აღნიშნა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, "კოდამ" უკვე დაახლოებით, 18%-ით მეტი კვერცხი აწარმოვა.
"მთელი აჭარა იმპორტის გამო, ფაქტობრივად, გათიშული იყო და ახლა, აღნიშნული რეგიონის მომარაგებაც დავიწყეთ. 2023 წელს თურქეთიდან საქართველოში 40 მლნ კვერცხი შემოვიდა, 2024 წელს 18 მლნ და წელს 1 მლნ. თქვენ ნახავთ, რომ 1-ელი იანვრიდან კვერცხი არ შემოვა ქვეყანაში და ჩვენ, ადგილობრივი მწარმოებლები 100%-ით დავაკმაყოფილებთ ბაზარს. მე ეს ასოციაციის სახელითაც შემიძლია გითხრათ", - აღნიშნა მან.



