1773215760
მეტროსადგური „ვარკეთილი“ 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება
მეტროსადგური „ვარკეთილი“ 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, 16 მარტიდან გაუქმდება მეტროსადგურის შეზღუდული გრაფიკის გამო დროებით დანიშნული ავტობუსი N174, რომელსაც მგზავრები „ვარკეთილიდან“ მეტროსადგურ „სამგორამდე“ გადაჰყავდა და პირიქით.
„მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ბაქანზე განხორციელდა რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ, გაიწმინდა და დამუშავდა ჭერის კოროზირებული და დაზიანებული ზედაპირები; განხორციელდა თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების სპეციალური ტექნიკური ხსნარებით შევსება/დაჭირხვნა; დამატებით, მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციის მიზნით, შესრულდა რკინაბეტონის თაღის ტემპერატურული ღარებისა და ნაკერების, ასევე, დახრილი საესკალატორო გვირაბის თუჯის სამაგრების გაწმენდა და ჰერმეტიზაცია.
ამასთანავე, დასრულდა ქვედა ბაქნისა და დახრილი საესკალატორო გვირაბის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ამჟამად მზადდება ზედა ვესტიბიულის დაზიანებული კონსტრუქციების (მზიდი რკინაბეტონის რიგელების) რეაბილიტაციის პროექტი, რის შემდეგაც უშუალოდ სარეაბილიტაციო/გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, მეტროსადგური „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია წლების წინ უნდა დასრულებულიყო. თავდაპირველად, სამუშაოები სადგურზე 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოებს კომპანია „ყვარელმშენი“ ახორციელებდა“. სამუშაოების დასრულებიდან რამდენიმე თვეში, კერძოდ, 2018 წლის იანვარში, მეტრო „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა.
მოგვიანებით ადგილზე რეაბილიტაციის პროცესის განხორციელება შპს „მამისონს“ დაევალა, თუმცა პირობების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულება 2022 წელს შეწყდა. იმავე წლის 21 დეკემბერს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შპს „ბადა ქონსთრაქშენთან“ გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულება გააფორმა.
„ბადა ქონსთრაქშენს“ სამუშაოები 18 თვის ვადაში, 2025 წლის დეკემბრის უნდა დაესრულებინა. თუმცა, 2024 წლის მარტში თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, რომ საჭირო გახდა დამატებითი კვლევებისა ჩატარება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, სადგურში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.



