“მოერიდეთ რუსთაველზე სიარულს - დიდი ალბათობით ეს არის მაღალკანცეროგენული მილები - ჰაერით ხვდება ნაწილაკები სასუნთქ გზებში და ფილტვის კიბოს აჩენს”

მაღალკანცეროგენული მილები

საქართველოს სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესში, მიწის ქვედა ფენებში აზბესტის შემცველი მასალების შესაძლო არსებობის შესახებ.

უწყების ცნობით, იგი მოუწოდებს მერიას, დაადგინონ სარეაბილიტაციო არეალში აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს, ასეთის დადასტურების შემთხვევაში კი იმოქმედოს შესაბამისად.

ბიზნესპრესნიუსი“ სახალხო დამცველის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისში, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის მიმდინარეობის პარალელურად, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში, რომელიც წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას მოიცავს, მიწის ქვედა ფენებში შესაძლოა აღმოჩნდა აზბესტის შემცველი ძველი მასალები. იმის გათვალისწინებით, რომ წარსულში თბილისის წყალარინების სისტემაში მილსადენები სხვადასხვა მასალებისგან, მათ შორის, აზბესტისგან იყო დამზადებული, სრულიად დასაშვებია იმის ალბათობა, რომ ისტორიულად ჩამოყალიბებული ქსელის განახლებისას აზბესტცემენტის მილები იქნას აღმოჩენილი.

საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ აზბესტი ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველი ნივთიერებაა და მისი ზემოქმედება დაკავშირებულია მძიმე დაავადებებთან, მათ შორის, მეზოთელიომასა და ფილტვის კიბოსთან. რისკი მკვეთრად იზრდება მექანიკური ზემოქმედებისას, ჭრის, მტვრევის, ბურღვისა და გრუნტიდან ამოღების დროს. ზუსტად ამიტომ, აზბესტთან დაკავშირებულ პრობლემებზე სახალხო დამცველი დეტალურად მიუთითებს 2026 წლის აპრილში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში „აზბესტის საერთაშორისო რეგულირებასთან დაკავშირებით ეროვნული შესაბამისობის ზოგადი მიმოხილვა: შრომითი უსაფრთხოება, უფლება ჯანსაღ გარემოზე და ჯანმრთელობის დაცვა“, რომელშიც გამოკვეთილია არაერთი გამოწვევა, მათ შორის ის, რომ საქართველოში სრულად არ არის დანერგილი აზბესტის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტები, არ არის მიღებული ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც დაარეგულირებდა სამუშაო სივრცეში აზბესტის ზემოქმედებისგან დასაქმებულთა დაცვას და სხვა.

რუსთაველის გამზირი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საჯარო სივრცეა, შესაბამისად, პოტენციური ზემოქმედების არეალი მხოლოდ დასაქმებულებით არ შემოიფარგლება. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ის გარემოება, რომ 15 სექტემბერს სკოლებში სასწავლო პროცესი იწყება, სამუშაოების მონაკვეთში კი მდებარეობს პირველი კლასიკური გიმნაზია და სსიპ ქალაქ თბილისის №47 საჯარო სკოლა. ეს ნიშნავს, რომ სამუშაოების უშუალო სიახლოვეს ყოველდღიურად აღმოჩნდებიან ბავშვები. ბავშვები აზბესტის ზემოქმედების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია, ვინაიდან მათი სასუნთქი სისტემა ჩამოყალიბების პროცესშია, ხოლო აზბესტთან დაკავშირებული დაავადებების ლატენტური პერიოდი ათწლეულებს მოიცავს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს:

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას

პირველ რიგში დაადგინონ სარეაბილიტაციო არეალში აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს, ასეთის დადასტურების შემთხვევაში კი იმოქმედოს შესაბამისად, მათ შორის გამოირიცხოს მისი მშრალი ჭრა და მტვრევა, უზრუნველყოს დასაქმებულთა აღიჭურვა შესაბამისი დამცავი საშუალებებით, ხოლო ნარჩენი შეგროვდეს ცალკე, მარკირებულ შეფუთვაში.

მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება აზბესტის შემცველი მასალების იდენტიფიცირების და მართვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე“ - წერს სახალხო დამცველის აპარატი სოციალურ ქსელში.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი სოციალურ ქსელში, გარემოს დამცველმა, ნატა ფერაძემაც გააკეთა. მისი თქმით, მდგომარეობა საგანგაშოა და ის საზოგადოებას მოუწოდებს, კატეგორიულად მოერიდონ რუსთაველზე ან ახლოს სიარულს.

„არ ვწერ ხოლმე ძახილისნიშნიან და ისტერიულ პოსტებს, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

კატეგორიულად მოერიდეთ რუსთაველზე ან ახლოს სიარულს!

დიდი ალბათობით ეს არის აზბესტის, მაღალკანცეროგენული მილები.

ნიმუშები აღებულია დღეს, 27 აგვისტოს, გაიგზავნება ბერლინის ლაბორატორიაში, (ანალიზის თანხა უნდა მოვაგროვოთ) აზბესტის ტიპის და კანცეროგენობის ხარისხის დასადგენად.

პასუხამდე მაქსიმალურად დაიცავით თავი, ჰაერით ხვდება პატარა ნაწილაკები სასუნთქ გზებში და ფილტვის კიბოს აჩენს.

პირველი პოსტის მერე სახალხო დამცველმაც კი გაიღვიძა და მოუწია პოსტის დადება.

ვინც არ იცით პრობლემის სიღრმე, დაგუგლეთ asbestos“ - წერს გარემოს დამცველი.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისიდან დაიწყო. დედაქალაქის მერიის ცნობით, რეაბილიტაციის პროცესი 4 თვე გაგრძელდება.

BPN