მსოფლიოში ფასების შემცირებას და ლარის გამყარებას ფასების კლება უნდა გამოეწვია, მაგრამ ეს ასე არ მოხდა - პაატა ბაირახტარი

ანალიტიკოსი

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ვიცე-პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში იმ ხარვეზებზე ისაუბრა, რაც ქართულ საცალო სასურსათო ბაზარზე მაღალ ფასებთან დაკავშირებით არსებობს.

მისი თქმით, გლობალურ ბაზარზე ყველა პროდუქტთან მიმართებაში ფასების კლება და ეროვნული ვალუტის გამყარება იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში ფასები შემცირებულიყო, თუმცა ეს არ მოხდა.

„ბოლო 1-წლიან ტრენდს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ რომ FAO-ს ფასების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში ყველა პროდუქტთან მიმართებაში ფასები განუხრელად მცირდება. ჩვენ ამ მიმართულებით საკმაოდ ხელშესახები ფასების შემცირება გვიფიქსირდება გლობალურ ბაზრებზე. მეორე მნიშვნელოვანი გარემოება ეროვნული ვალუტის კურსია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდს თუ შევადარებთ, 19-20%-ითაა გამყარებული ეროვნული ვალუტა. ამ ორი ფაქტორის კორელაცია საკმაოდ ხელშესახებ პირობას იძლევა იმისათვის, რომ ქართულ საცალო სასურსათო ბაზარზე ეს ფასები ასახულიყო“, - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

მისი თქმით, საზოგადოების პროტესტი ლოგიკურია, რადგან ფასები არ შეცვლილა. აფბამ მწარმოებლებსა და რითეილს შორის, მიწოდების ჯაჭვებში, ძირითადი ხარვეზები გამოავლინა და რეკომენდაციით მიმართა მთავრობას, რომ ამ ხარვეზებზეც ყოფილიყო ყურადღება გამახვილებული.

როგორც პაატა ბაირახტარმა განაცხადა, ეს ხარვეზები ზღუდავდა კონკურენციას, რაც შემდეგ ფასებზე ისახებოდა.