პაკისტანი, ინდოეთი, თურქეთი - რომელი ქვეყნებიდან ითხოვენ საქართველოში თავშესაფარს

მიგრანტები

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა. თუ გასული წლის 3 თვეში თავშესაფარი 379-მა უცხოელმა მოითხოვა, წელს ამ მაჩვენებელმა 394 შეადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია შსს-ს სტატისტიკაში.

ამავე მონაცემების თანახმად, წელს პირველ კვარტალში ყველაზე მეტი უცხოელი, რომელმაც საქართველოში თავშესაფარი მოითხოვა, ინდოეთის მოქალაქე იყო - ჯამში 81 ადამიანი, მას მოჰყვება პაკისტანის 68 და თურქეთის 57 მოქალაქე.

ამასთან, თავშესაფრის მაძიებელთა ათეულში შედიან:

  • ირანი - 37 მოქალაქე
  • ნეპალი - 27 მოქალაქე
  • უკრაინა - 18 მოქალაქე
  • ეგვიპტე - 15 მოქალაქე
  • რუსეთი - 14 მოქალაქე
  • ნიგერია - 8 მოქალაქე
  • ბანგლადეში - 7 მოქალაქე

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში საქართველოში თავშესაფარი მოითხოვეს - აზერბაიჯანის, მაროკოს, ნიგერიის, ჩეხეთის, სომხეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა.

რაც შეეხება სტატუსს, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა უცხო ქვეყნის 3 მოქალაქეს, ჰუმანიტარული სტატუსი კი 1-ს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოში თავშესაფარი უცხო ქვეყნის 1 641 მოქალაქემ მოითხოვა. გასულ წელსვე ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა უცხო ქვეყნის 11 მოქალაქეს, ჰუმანიტარული სტატუსი კი 104-ს.

ცნობისთვის, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პირობებს და აკმაყოფილებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს: იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი წარმოშობის ქვეყანა ძალადობის, გარე აგრესიის, ოკუპაციის, შიგა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ან საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელოვანი დარღვევის გამო; სამართლებრივი საფუძვლების, კერძოდ, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების გამო არ შეიძლება იძულებით დაბრუნებულ იქნეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში და რომელსაც არ შეუძლია გაემგზავროს სხვა ქვეყანაში; წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას მის სიცოცხლეს ან დაირღვეს მისი უფლებები.

ლტოლვილის სტატუსი კი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, იმყოფება საქართველოში, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო და არ შეუძლია ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.