1778651867
რა ქონებას ფლობს გიორგი ვაშაძის ოჯახი
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის თებერვალში წარადგინა.
მის მიერ შევსებული დოკუმენტის მიხედვით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სახელზე რეგისტრირებულია მხოლოდ ავტოფარეხი, რომელიც 2014 წელს 5000 დოლარად აქვს შეძენილი.
დანარჩენი უძრავი და მოძრავი ქონება კი, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლის სახელზე ფიქსირდება.
უფრო კონკრეტულად, დეკლარაციის თანახმად, გიორგი ვაშაძის ცოლის სახელზეა:
49.4 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2025 წელს 135 530 ლარად არის შეძენილი; 100 კვ.მეტრის არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, რომელიც 2007 წელს ჩუქებით გადაეცა; 103.23 კვ.მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი თბილისში, რომელიც ასევე ჩუქებით აქვს მიღებული 2025 წელს; მის საკუთრებაშია ასევე: 2025 წელს ჩუქებით მიღებული ავტოფარეხი თბილისში და ასევე, დედაქალაქში მიწის ნაკვეთის 90%, რომელიც ასევე ჩუქებით აქვს მიღებული 2025 წელს.
გარდა ამისა, დოკუმენტაციის მიხედვით, გიორგის ვაშაძის მეუღლის საკუთრებაში ფიქსირდება, 2016 წლის BMW X6, რომელიც 2019 წელს 40 ათას აშშ დოლარად არის შეძენილი.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, გიორგი ვაშაძის მეუღლის სახელზეა სხვადასხვა ციფრული აქტივებიც. კერძოდ:
- 7500 აშშ დოლარად შეძენილი asm holding nv-ის აქციები (ფასიანი ქაღალდების რაოდენობა 10);
- 30,16 აშშ დოლარად შეძენილი btc (ფასიანი ქაღალდების რაოდენობა 673);
- 1 512,82 აშშ დოლარად შეძენილი ASML nv-ის აქციები (ფასიანი ქაღალდების რაოდენობა 10);
- 38,62 აშშ დოლარად შეძენილი - bit (ფასიანი ქაღალდების რაოდენობა 547).
რაც შეეხება პოლიტიკოსის ფინანსურ მდგომარეობას, გიორგი ვაშაძეს ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში, საბანკო ანგარიშებზე ჰქონდა: 123 ლარი და 264 აშშ დოლარი; მის მეუღლეს კი: 1139 ლარი, 4014 ევრო და 18 336 დოლარი.
ამასთან, ნაღდი ფულადი თანხის (დანაზოგის) სახით, გიორგი ვაშაძეს ჰქონდა: 15 500 ლარი და 15 000 აშშ დოლარი, ხოლო მისი მეუღლეს - 20 000 ლარი და 10 000 აშშ დოლარი.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, გიორგი ვაშაძის მეუღლე დეკლარაციის 2025 წლის განმავლობაში იკავებდა world vision Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის პოზიციას, თუმცა ანაზღაურება ამ პოზიციაზე მიღებული არ აქვს.
რაც შეეხება სხვა შემოსავლებს, გასული წლის განმავლობაში, პოლიტიკოსის მეუღლემ არასაცხოვრებელი ფართის გაქირავებიდან შემოსავლის სახით 47 300 ლარი მიიღო; საბანკო დეპოზიტიდან კი - 21 369 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. ამასთან, რამდენიმე სესხის გამო მისმა 2025 წლის გასავალმა 7267 დოლარი და 2090 ლარი შეადგინა.



