რამდენია საქართველოში ყოფილი დეპუტატების პენსია?

პარლამენტი

დეპუტატების ხელფასის 2.5-ჯერ გაზრდამდე ერთი წლით ადრე, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ყოფილი დეპუტატების პენსია 78.5%-ით გაიზარდა.

საქმე ის არის, რომ პარლამენტის ყოფილი დეპუტატები 2023 წლის ჩათვლით პენსიის სახით 560 ლარს იღებდნენ, თუმცა "ოცნებამ" რეგლამენტში ცვლილებები მიიღო, რომლითაც ჭერი 1 000 ლარამდე გაიზარდა. ანუ 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, ყოფილი დეპუტატების პენსია 1 000 ლარს შეადგენს.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის თანახმად, კომპენსაცია შეიძლება დაენიშნოს საპენსიო ასაკის მიღწევისას (65 წლის ასაკის მიღწევისას ქალს, 60 წლის მიღწევისას კაცს) ან მინიმუმ 25 წლის შრომის სტაჟის მქონე პარლამენტის წევრს, იმ შემთხვევაში, თუ იგი საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვის პერიოდით იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა. ცნობისთვის, კომპენსაცია მოქმედი წევრის ხელფასის მესამედს შეადგენს.

რაც შეეხებათ თანამდებობის სხვა პირებს, საპენსიო დანამატი ეკუთვნით:

  • სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს;
  • პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ პირებს;
  • პარლამენტის წევრებს (ყოფილ წევრებს).
  • უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირებს;
  • ყოფილ მოსამართლეებს.

საქართველოში ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბი არ იღე­ბენ ფუ­ლად დახ­მა­რე­ბას, მათ მხო­ლოდ პი­რა­დი დაც­ვა უნარ­ჩუნ­დე­ბათ, თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის მანძილზე ხოლო პრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხი იმ შემ­თხვე­ვა­ში იღებს დახ­მა­რე­ბას, თუ ეს უკა­ნას­კნე­ლი გარ­დაც­ვლი­ლია, განდევნილი, ან ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვს და ოჯა­ხის რჩე­ნა არ შე­უძ­ლია.

რაც შეეხება დაცვას, 2024 წლის ბოლოს, "ოცნებამ" შეცვალა კანონი, რომლის მიხედვით, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა დაადასტურა. ანუ, სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა აღარ ემსახურება.

კანონის საგამონაკლისო წესით, დაცვა ენიშნება თანამდებობის ყოფილ პირს მთავრობის განკარგულებით, თუ მის სიცოცხლეს, ან ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე. სწორედ ამ საგამონაკლისო წესით, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დასაცავი ობიექტების ნუსხიდან 1-ელ აპრილს უნდა ამოსულიყო, სახელმწიფო დაცვა 2026 წლის 1-ელ აპრილამდე მოემსახურება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან პრემიერის და პრეზიდენტის ხელფასი 14 600 ლარი გახდა, ხოლო პარლამენტის დეპუტატების ანაზღაურება 2.5-ჯერ გაიზარდა.