1748159712
ტიმ კუკი, სატია ნადელა - ვინ არის მსოფლიოს ხუთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO

როდესაც მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად აღმასრულებელ დირექტორებზე ფიქრობთ, ალბათ, ისეთი ადამიანები გახსენდებათ, როგორებიც არიან ილონ მასკი, მარკ ცუკერბერგი და უორენ ბაფეტი.
თუმცა, Equilar 100-ის თანახმად, რომელიც აშშ-ში რეგისტრირებულ კომპანიებში მიღებულ 100 ყველაზე დიდ კომპენსაციის პაკეტს აფასებს, სიმდიდრის ეს ტიტანები 2024 წელს ტოპ 20-შიც კი ვერ მოხვდნენ.
2024 წელს, აღმასრულებელი დირექტორის საშუალო ხელფასი 9.5%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ტოპ 100-ში მხოლოდ ექვსი ქალია, ხოლო ტოპ 20-ში არცერთი.
წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი დირექტორების, იგივე - CEO-ების ხუთეულს Equilar-ის უახლესი სიის მიხედვით (წლიური ანაზღაურება).
ჯიმ ანდერსონი, Coherent: 101 497 009 დოლარი
Coherent-ის ნაკლებად ცნობილმა ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიმ ანდერსონმა, საუკეთესო მისასალმებელი პაკეტები მიიღო, როდესაც გასული წლის ივნისში ლაზერული და ნახევარგამტარული კომპანიის ხელმძღვანელობა ჩაიბარა.
ძირითადი ხელფასისა და ხელმოწერის ბონუსის გარდა, პლანეტის ყველაზე იღბლიანმა ახალწვეულმა Coherent-ის აქციების სახით 100 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო, რამაც ის მყისიერად მილიონერი და ამერიკის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელი გახადა.
ბრაიან ნიკოლი, Starbucks: 95 801 676 დოლარი
Starbucks-ის ახალ აღმასრულებელი დირექტორი კომპანიაში გასული წლის სექტემბერში მივიდა.
წინა სამსახურში მისი საბაზისო ხელფასი მხოლოდ 61 538 აშშ დოლარი იყო. ხოლო Starbucks -ში ნიკოლმა 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ბონუსი და 90 მილიონ დოლარზე მეტი აქციების ოფციონებში მიიღო.
ლარი კალპი, GE Aerospace: 87 393 876 დოლარი
გასულ წელს GE Aerospace-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯამში 87 393 876 აშშ დოლარი მიიღო, რაც ექვსჯერ აღემატება მის 2023 წლის შემოსავალს. ეს მაჩვენებელი 1,279-ჯერ მეტია, ვიდრე კომპანიის საშუალო თანამშრომელი იღებდა 2024 წელს.
პაკეტის ძირითადი ნაწილი აქციების ფლობისთვის ერთჯერადი ბონუსისა და სხვა გულუხვი აქციების ჯილდოებისგან შედგებოდა.
სატია ნადელა, Microsoft: 79 106 183 დოლარი
ყველა აღმასრულებელი დირექტორის ოცნებაა, უყუროს, თუ როგორ იზრდება მათი კომპანიის აქციების ფასი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი ანაზღაურება კომპანიის მუშაობაზეა დამოკიდებული.
2024 წელს Microsoft-ის აქციებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამ ტრიუმფიდან შემოსავალი მიიღო, როდესაც საბაზისო ხელფასსა და ბონუსებზე დამატებით, აქციების სახით 71 მილიონ დოლარზე მეტი დაერიცხა, რაც 2023 წლის 39.2 მილიონ დოლართან შედარებით ბევრად მეტია.
მისი წმინდა ქონება ამჟამად 500 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
ტიმ კუკი, Apple: 74 609 802 დოლარი
ყველაზე ცნობილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, Apple-ის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა გასულ წელს ყველაზე მაღალი საბაზისო ხელფასი, 3 მილიონი დოლარი მიიღო. ხოლო ბონუსის სახით - ჯამში 12 მილიონი დოლარი.
კუკის კომპენსაციის პაკეტის ძირითად ნაწილს აქციები შეადგენს.
ტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ქონება ამჟამად დაახლოებით 2.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მან კომპენსაციის სახით Apple-ის 58 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები მიიღო.
წყარო: lovemoney.com