თბილისი საუკეთესო კულტურულ ქალაქებს შორის დასახელდა - როგორია TOP 20

მსოფლიო 1748411585
ძველი თბილისი

თბილისი მსოფლიოს 20 საუკეთესო კულტურულ ქალაქს შორის დასახელდა - სამოგზაურო გამოცემა Time Out Abudhabi-ს გამოკითხვაში, რომელიც 18 500 ადამიანს აერთიანებდა, თბილისი საუკეთესო კულტურულ ქალაქებს შორის მე-12 ადგილზე მოხვდა.

"ყველამ ვიცით, რომ როცა საქმე საკვებს, სატრანსპორტო სისტემებს თუ სეირნობაზე გათვლილ ქუჩებს ეხებათ, ზოგიერთი ქალაქი სხვებისგან გამოირჩევა. მაგრამ როცა საქმე კულტურას - ხელოვნებას, თეატრს, ღამის ცხოვრებასა და პოეზიას ეხება - რომელი ქალაქები გამოირჩევიან?" - სწორედ ამ კრიტერიუმით შეაფასეს გამოკითხვის მონაწილეებმა სხვადასხვა ქალაქი, თუ რამდენად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანია კულტურული შესაძლებლობები.

თბილისმა ადგილობრივთაგან ხარისხის 69%-იანი შეფასება მიიღო. როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველოს დედაქალაქს ისეთი კულტურული შეთავაზებები აქვს, როგორებიცაა წიგნის ფესტივალები და ყვავილების გამოფენები, მუზეუმები ყველაფრისთვის, იქნება ეს ქართული ღვინო თუ ვინტაჟური ავტომობილები, და არაერთი გამორჩეული თეატრი.

"ძველი თბილისი ადგილობრივებისთვის საყვარელი ადგილია ხელოვნებისა და კულტურის გასაცნობად, თუმცა მას დიდად არ ჩამოუვარდება ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც საქართველოს ისტორიასა და ტრადიციებს ინახავს", - აღნიშნულია გამოცემის სტატიაში.

Time Out ასევე ახსენებს, რომ თბილისში ვიზიტისთვის მაისი საუკეთესო დროა, რადგან ქალაქის საფესტივალო სეზონი სწორედ ამ თვიდან იწყება და ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობს.

რაც შეეხება სრულ ოცეულს, მსოფლიოს გამორჩეული კულტურული ქალაქების რეიტინგი ასე გამოიყურება:

  • პარიზი
  • ფლორენცია
  • ედინბურგი
  • მეხიკო
  • სიდნეი
  • ბარსელონა
  • ჩიკაგო
  • ლისაბონი
  • ჰანოი
  • კეიპტაუნი
  • პეკინი
  • თბილისი
  • ჯაკარტა
  • დელი
  • მედელინი
  • ამსტერდამი
  • მარაკეში
  • ვენა
  • პრაღა
  • აბუ-დაბი.