რომელია 3 ყველაზე მოთხოვნადი საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში

მოთხოვნადი პროგრამები

2024-2025 სასწავლო წელს საქართველოში მოქმედ სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო წლის დასაწყისის მონაცემებით, 187 799 სტუდენტი ირიცხებოდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აქედან 108 381 სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, კერძო უნივერსიტეტებში კი 79 418.

რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამებს, სტატისტიკის მიხედვით ყველაზე მოთხოვნადი საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალია. აღნიშნულ პროგრამაზე ქვეყნის მასშტაბით 66 450 სტუდენტი სწავლობს. აქედან სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 37 171 სტუდენტი ნაწილდება, კერძოში - 29 279.

მოთხოვნადობის მიხედვით, მეორე ადგილზეა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საგანმანათლებლო პროგრამა. ჯამურად ამ პროგრამაზე 2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისში 48 201 სტუდენტი ირიცხებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში უფრო მეტი 32 414 სტუდენტი კერძო უმაღლეს სასწავლებლებში განაწილდა, 15 787 კი სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

მესამე ადგილს მეცნიერების საგანმანათლებლო პროგრამა იკავებს, რომელზეც მოცემულ საანგარიშო პერიოდში 26 253 სტუდენტი ჩაირიცხა. ამ შემთხვევაში, 20 365 სტუდენტი ჩაირიცხა სახელმწიფო უნივერსიტეტში, 5 888-მა კი სწავლა კერძო უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელა.