რუსეთი შაქრის ექსპორტს კრძალავს - რა წილი აქვს ქართულ ბაზარზე

შაქარი

რუსეთმა ლერწმის და ჭარხლის შაქრის, ასევე ქიმიურად სუფთა საქაროზის ექსპორტი დროებით აკრძალა. შეზღუდვა ძალაში იქნება 2024 წლის 31 აგვისტომდე.

რუსეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვა მიზნად ისახავს „სურსათის შიდა ბაზრის სტაბილურობის შენარჩუნებას“.

დადგენილებაში გამონაკლისის სახით შეტანილია 4 ქვეყანა, სადაც ექსპორტი კვლავ განხორციელდება: სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. 

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა წილი აქვს საქართველოში შაქრის იმპორტში რუსეთს. საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წლის პირველ სამ თვეში რუსეთის წილი შაქრის იმპორტში მცირე (0.87%) იყო, მეტიც საანგარიშო პერიოდში რუსეთს იმპორტიორთა შორის მე-7 ადგილი ეკავა. კერძოდ, მიმდინარე წლის სამ თვეში იმპორტირებულია 10,226 მლნ დოლარის 12,735 ტონა შაქარი, საიდანაც 88 680 დოლარის, 125 ტონა რუსეთზე მოდის.

ცნობისთვის, საქართველოში შაქრის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები საფრანგეთი, თურქეთი, ნიდერლანდები, ბელგია, მაროკო და აზერბაიჯანი არიან.

2024 წლის იანვარ-თებერვალ-მარტში, ქვეყნების მიხედვით, ჯამური მონაცემები ასე გამოიყურება:

🔵საფრანგეთი - 4,171 მლნ დოლარის 4,930 ტონა

🔵 თურქეთი - 2,104 მლნ დოლარის 2,874 ტონა

🔵 ნიდერლანდები - 2,077 მლნ დოლარის 2,462 ტონა

🔵 ბელგია - 1,057 მლნ დოლარის 1,485 ტონა

🔵 მაროკო - 456 ათასი დოლარის 572 ტონა

🔵 აზერბაიჯანი - 97 ათასი დოლარის 112 ტონა

🔵 რუსეთი - 88.68 ათასი დოლარის 125 ტონა