საქართველოს 10 ქალაქი/დაბა, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს

ქუთაისი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობამ 3.941 მლნ ადამიანი შეადგინა.

„საქსტატის“ ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი, მინიმალური, 0.2%-იანი ზრდაა გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2025 წლის 1-ელი იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3.930 მლნ ადამიანს შეადგენდა.

წლევანდელი მონაცემებით, 2.5%-ით არის გაზრდილი თბილისის მოსახლეობა. კერძოდ 2026 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, დედაქალაქში 1.369 მლნ ადამიანი ცხოვრობდა, მაშინ როცა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი - 1.335 მლნ. კაცი იყო.

მოსახლეობის 35% თბილისში ცხოვრობს - რომელია ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქები და დაბები საქართველოში

ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 35% სწორედ თბილისზე მოდის.

რაც შეეხება ზოგადად ქალაქებსა და დაბებს, სადაც ყველაზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული, დედაქალაქის შემდეგ მეორე ადგილზეა ბათუმი, რომელსაც ქუთაისი და რუსთავი მოსდევს.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“, „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქებისა და დაბების ათეულს:

  • თბილისი - 1 369 356 ადამიანი;
  • ბათუმი - 246 267 ადამიანი;
  • ქუთაისი - 153 799 ადამიანი;
  • რუსთავი - 130 174 ადამიანი;
  • ხელვაჩაური - 51 286 ადამიანი;
  • გორი - 49 381 ადამიანი;
  • ზუგდიდი - 45 739 ადამიანი;
  • ხაშური - 25 447 ადამიანი;
  • სამტრედია - 24 310 ადამიანი;
  • მარნეული - 23 239 ადამიანი.

BPN