საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 13%-ით გაიზარდა - TOP-5 ავიაკომპანია

აეროპორტი

2025 წლის 1-ელ ოთხ თვეში, საქართველოს აეროპორტები ჯამურად ორ მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) ავრცელებს.

კერძოდ, მათი ცნობით, სულ გადაყვანილ იქნა 2 189 558 მგზავრი, რაც 13%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას.

„მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 442 458 მგზავრს მოემსახურა. ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 13%-ი შეადგინა.

პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 506 564 მგზავრს მოემსახურა, რაც 2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე.

საანგარიშო პერიოდში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 233 725 მგზავრი, რაც 44%-ით აღემატება 2024 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებლებს.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, საქართველოს აეროპორტებში ათი ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა, რაც 15%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენები რაოდენობას. ჯამურად, განხორციელებული რეგულარული რეისების რაოდენობამ შეადგინა 7 744 ავიარეისი, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ - 2 338.

მაღალია ზრდის მაჩვენებლები საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით. 2025 წლის იანვარ-აპრილში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 10 599.332 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 61%-ით გაიზარდა.

2025 წლის იანვარ-აპრილში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს Wizz Air-ი. ავიაკომპანია ბაზრის 18%-იან წილს ფლობს და 392 454 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.

რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით ავიაკომპანიების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  • Wizz Air Hungary – 18% (392 454 მგზავრი);
  • Pegasus – 8% (180 098 მგზავრი);
  • Georgian Airways – 7% (160 437 მგზავრი);
  • Turkish Airlines – 7% (151 719 მგზავრი);
  • Azerbaijan Airlines – 7% (141 468 მგზავრი).

ცნობისთვის, 2025 წლის 1-ლი მაისის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 61 სამგზავრო ავიაკომპანია 96 საჰაერო ხაზზე ოპერირებს,“ - აღნიშნული სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.