საქართველოს ავიაბაზარზე გერმანული Condor Airlines ბრუნდება - რა ეღირება ბილეთები

Condor Airlines

საქართველოს ავიაბაზარზე გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines ბრუნდება. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ავიაკომპანია 2026 წლის 15 ივნისიდან ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს.

„ტურიზმისა და ავიასექტორების განვითარება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, გერმანია კი ამ კუთხით მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარი. შესაბამისად, ფრანკფურტი, როგორც მსხვილი საავიაციო ჰაბი, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ტურისტული ნაკადების, ასევე საავიაციო დაკავშირებადობის ზრდას“ - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე 2022 – 2023 წლებში ოპერირებდა და ფრენებს ფრანკფურტი - თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ ასრულებდა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ორწლიანი ინტერვალის შემდეგ Condor Airlines-ის საქართველოში დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკური ტრანზიტული ფრენების მიმართულებით.

ცნობისთვის, ავიაკომპანია Condor Airlines 1955 წელს დაფუძნდა, მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. ავიაკომპანია დღეისათვის 81 მიმართულებით ასრულებს ფრენებს როგორც ევროპის, ისე აფრიკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მიმართულებით, ასევე ოპერირებს კარიბის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში.

რაც შეეხება ბილეთებს, მათი შეძენა ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე უკვე შესაძლებელია. ამ დროისთვის მოცემული ინფორმაციით, მგზავრობის ღირებულება (ცალმხრივი ავიაბილეთი) 237-317 ევროს ფარგლებში მერყეობს.