საქართველოს მოსახლეობას უცხოეთში დასვენება გაუძვირდა - რაში და რამდენს ხარჯავენ მოქალაქეები საზღვარგარეთ მოგზაურობისას

ტურიზმი

საქართველოს მოსახლეობას უცხოეთში დასვენება გაუძვირდა. ამაზე მიუთითებს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. უფრო კონკრეტულად, თუ 2025 წლის III კვარტალში უცხოეთში ვიზიტზე საშუალო ხარჯი 1 167.2 ლარს შეადგენდა, წელს ანალოგიურ პერიოდში დანახარჯები 1 351.0 ლარამდე გაიზარდა.

მთლიანად 2026 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 835.2 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 19.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2025 წლის III კვარტალში ეს ხარჯი 699.9 მილიონი ლარი იყო.

„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორები საზღვარგარეთ ყველაზე მეტ თანხას საყიდლებზე ხარჯავდნენ, რაც საერთო ხარჯების 31%-ია.

უფრო კონკრეტულად, „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაწეული ხარჯების განაწილება, ხარჯების კატეგორიების მიხედვით ასე გამოიყურება (საშუალო ხარჯი ვიზიტზე):

  • საყიდლები 419.1 ლარი;
  • საკვები და სასმელი - 382.5 ლარი;
  • განთავსება - 266.4 ლარი;
  • ადგილობრივი ტრანსპორტი - 137.7 ლარი;
  • გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - 62.6 ლარი;
  • სხვა ხარჯები - 82.8 ლარი.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის III კვარტალში გამყვანი ტურიზმის მაჩვენებლები 3.7%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების მიერ 823.7 ათასი გასვლა დაფიქსირდა. (2025 წლის III კვარტალში 784.7 ათასი გასვლა) გასვლების უდიდესი ნაწილი, 41.2 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.