1768120429
საქართველოში 70 Lamborghini არის რეგისტრირებული - რომელი მოდელებია ყველაზე გავრცელებული
საქართველოში Lamborghini-ს მარკის 70 ავტომობილია რეგისტრირებული. ამის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ავტომობილების პორტალზეა მოცემული.
საქსტატის მიხედვით, ყველაზე მეტი, 58 Lamborghini თბილისში დადის. ამასთან, 5 რეგისტრირებულია აჭარაში, 3 მცხეთა-მთიანეთში, 2 სამეგრელო-ზემო სვანეთში, თითო-თითო კი შიდა-ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.
სტატისტიკური მონაცემებიდან ასევე ჩანს, რომ საქართველოში Lamborghini-ს ყველაზე პოპულარული მოდელი 24 ერთეული რეგისტრირებული მანქანით URUS-ია.
უფრო კონკრეტულად, Lamborghini-ს მარკის ავტომობილების განაწილება ქვეყანაში განაწილებული მოდელების მიხედვით ასე გამოიყურება:
- URUS - 24;
- URUS S - 8;
- URUS SE - 8;
- HURRACAN - 5;
- AVENTADOR - 4;
- GALARDO - 3;
- URUS PERFORMANTE - 3;
- HURACAN STERRATO - 3;
- HURACAN - 2;
- RF - 2.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში რეგისტრირებული მოდელებიდან ყველაზე დაბალი ფასი Lamborghini RF-ს აქვს და საშუალოდ 25 000-დან 35 000 აშშ დოლარამდე მერყეობს. ეს არა სპორტული სუპერქარი, არამედ აგროტექნიკაში გამოყენებული ტრაქტორის სერიაა.
რაც შეეხება ყველაზე ძვირად ღირებულს, ჩამოთვლილთაგან ყველაზე ძვირი Lamborghini AVENTADOR-ია. აღნიშნული მოდელის ღირებულება 300 000-დან იწყება და 850 000 აშშ დოლარამდე ადის. 800 ათას დოლარზე მეტი ლიმიტირებული, სპეციალური კოლექცია ღირს.



