საქართველოში ძვირად ღირებული ავტომობილების რაოდენობა იზრდება - რამდენი Lamborghini, Ferrari, Bugatti და Rolls-Royce დადის ქვეყანაში

Ferrari

საქართველოს ავტოპარკში ძვირად ღირებული ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

Bugatti, Maybach, Ferrari, McLaren და Lamborghini - ეს იმ ავტომობილების ბრენდებია, რომელთა ნახვაც საქართველოს გზებზე წლების წინ თითქმის შეუძლებელი ან იშვიათობა იყო, დღეს კი მათი რაოდენობა საკმაოდ თვალშისაცემია.

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის 177 Bentley, 126 Rolls-Royce და 127 Lamborghini არის რეგისტრირებული. შედარებით იშვიათ ბრენდებს შორის კი, ქვეყანაში სულ 5 Bugatti და 6 Maybach ფიქსირდება.

უფრო კონკრეტულად, „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თუ რამდენი ძვირად ღირებული ავტომობილია რეგისტრირებული საქართველოში და როგორ შეიცვალა მათი რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით:

  • Lamborghini - საქართველოში ჯამში 127 ავტომობილია რეგისტრირებული (გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 78);
  • Ferrari - ავტომობილების საერთო რაოდენობა 111-ს შეადგენს (გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 90);
  • Bugatti - ქვეყანაში 5 ავტომობილია რეგისტრირებული (გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 4);
  • Rolls-Royce - ჯამში 126 ავტომობილია (გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 113);
  • Aston Martin - 40 ავტომობილია რეგისტრირებული (გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 33);
  • Bentley - ავტომობილების რაოდენობა 177-ს შეადგენს (გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 151);
  • McLaren - საქართველოში 9 ავტომობილია რეგისტრირებული (გასული წლის ანალოგიურ პერიოდშიც - 9);
  • Maybach - ქვეყანაში 6 ავტომობილია (გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 5).

ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს ავტოპარკში ექსკლუზიური და პრემიუმ კლასის ავტომობილების რაოდენობა თანდათან იზრდება.

ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია იმ ფონზე, რომ აღნიშნული ბრენდების ავტომობილების ღირებულება, მოდელისა და კომპლექტაციის მიხედვით, ასობით ათასი დოლარიდან რამდენიმე მილიონ დოლარამდე მერყეობს.

ჩამოთვლილი ბრენდები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულ ავტომობილების მწარმოებლებს შორის არიან. მათი ფასები კი მნიშვნელოვნად განსხვავდება მოდელის, გამოშვების წელის, ძრავისა და ინდივიდუალური კომპლექტაციის მიხედვით.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ დაახლოებით მონაცემებს, თუ რა ღირს მსოფლიოში ცნობილი ძვირად ღირებული ბრენდების ავტომობილები:

Lamborghini - ახალი მოდელების საწყისი ფასი დაახლოებით 250 000 დოლარიდან იწყება და 700 000 დოლარსაც აჭარბებს. განსაკუთრებული და შეზღუდული სერიის მოდელების ღირებულება გაცილებით მაღალია.

Ferrari - ახალი ავტომობილების ფასი დაახლოებით 260 000 დოლარიდან იწყება, ხოლო უფრო მაღალი კლასის და ექსკლუზიური მოდელების ღირებულება რამდენიმე მილიონ დოლარს აღწევს. შეზღუდული სერიის ავტომობილების ფასმა შესაძლოა 3-4 მილიონ დოლარსაც გადააჭარბოს.

Bugatti - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებელია. მისი ახალი მოდელების ფასი დაახლოებით 3.8 მილიონი დოლარიდან იწყება და კონკრეტული მოდელის მიხედვით 5-6 მილიონ დოლარს ან მეტსაც აღწევს.

Rolls-Royce - ბრენდის ავტომობილების საწყისი ფასი დაახლოებით 370 000 დოლარია, ხოლო მაღალი კლასის მოდელებისა და განსაკუთრებული კომპლექტაციების ღირებულება 600 000 დოლარსაც აჭარბებს. ინდივიდუალური შეკვეთებით დამზადებული ავტომობილები შესაძლოა გაცილებით ძვირიც ღირდეს.

Aston Martin - ახალი მოდელების ფასები დაახლოებით 195 000 დოლარიდან იწყება და 500 000 დოლარსაც აღწევს. განსაკუთრებული სერიის ავტომობილების ღირებულება მილიონ დოლარზე მეტიც შეიძლება იყოს.

Bentley - ახალი ავტომობილების საწყისი ფასი დაახლოებით 220 000 დოლარია, ხოლო ძვირად ღირებული მოდელებისა და ინდივიდუალური კონფიგურაციების შემთხვევაში ღირებულება 400 000 დოლარს აჭარბებს.

McLaren - ბრენდის შედარებით ხელმისაწვდომი მოდელების ფასი დაახლოებით 230 000 დოლარიდან იწყება, ხოლო მაღალი კლასის და შეზღუდული სერიის ავტომობილების ღირებულება 2 მილიონ დოლარსაც აჭარბებს.

Maybach - Mercedes-Maybach-ის მოდელების ფასი დაახლოებით 180 000 დოლარიდან იწყება და იზრდება მოდელისა და კომპლექტაციის შესაბამისად. გამორჩეული ვერსიების ღირებულება უფრო მაღალია.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალის ბოლოს საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 2 010 195 ერთეულს შეადგენს. ამასთან, 2 მილიონზე მეტი ავტომობილიდან თითქმის მილიონი, უფრო კონკრეტულად კი 984 369 ერთეული, დედაქალაქზე მოდის.

BPN