1773901512
საქართველოში ხორცის გაძვირებაა მოსალოდნელი - "აგროქიზიყი" (BMG)
საქართველოში ხორცის გაძვირებაა მოსალოდნელი. როგორც კომპანია „აგროქიზიყის“ დამფუძნებელმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, მსოფლიოში მსხვილფეხა პირუტყვზე დეფიციტია, ამასთან, რუსეთსა და ბელარუსში ფასები მკვეთრად გაზრდილია, საქართველოში კი ნედლი ხორცი ძირითადად ამ ბაზრებიდან შემოდის.
ბექა გონაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე ხორცის საბითუმო ჩასაბარებელი ფასი 24-25 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც მოსალოდნელია, რომ მინიმუმ 26-27 ლარამდე გაიზრდება.
„აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ხორცის გაძვირება შესაძლოა, დროში მცირედით გადაავადოს იმ გარემოებამ, რომ ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ამ ეტაპზე საქართველოდან რიგ ქვეყნებში, მათ შორის ერაყში მსხვილფეხა ცხოველების ექსპორტი შეფერხებულია. თუმცა, მისი თქმით, ზაფხულის პერიოდისთვის ადგილობრივ ბაზარზე ხორცის გაძვირება გარდაუვალია.
“მსოფლიო ბაზარზე დეფიციტია მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე. რუსეთში ფასები საკმაოდ მომატებულია, უზბეკეთი დიდი შემსყიდველია და იქაც ასწიეს ფასები. ევროპაში ფასები დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, ჩემი მოლოდინია, რომ საქართველოშიც ფასები [ხორცზე] აუცილებლად მოიმატებს. ამას შეიძლება ცოტა ხანი ხელი შეუშალოს იმან, რაც ახლა ირანის მიმართულებით ხდება. საქართველოდან ირანის გავლით ერაყში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გადიოდა ექსპორტზე, რაც ახლა ვეღარ ხდება. აქედან გამომდინარე, ეს ექსპორტი ჩაკეტილი იქნება, ვიდრე იქ სიტუაცია დალაგდება. შეფერხებულია ირანის გავლით.
თუმცა, ვფიქრობ, ივლის-აგვისტოში ფასები ისევ მოიმატებს. დღეს თბილისში ფერმერის მიერ საქონლის ჩასაბარებელი საბითუმო ფასი არის დაახლოებით 24 ლარის ფარგლებში, ზოგ კატეგორიაზე 25 ლარამდეც. ეს ფასი ალბათ ზაფხულში 26-27 ლარი გახდება მინიმუმ”, - განაცხადა ბექა გონაშვილმა.
ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის თებერვალში ხორცი და ხორცის პროდუქტები წლიურად 9.6%-ით იყო გაძვირებული.



