1767855689
საქართველოში სიგარეტი გაძვირდა
საქართველოში სიგარეტი გაძვირდა. ახალი წლის დღეებში ფასებმა კოლოფზე საშუალოდ, 20-30 თეთრით მოიმატა. თუმცა როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სავაჭრო ობიექტებში უთხრეს, ეს საბოლოო გაძვირება არ არის და იანვრის ბოლოსთვის შესაძლოა, იმპორტირებულ სიგარეტზე ფასები მცირედით კიდევ გაიზარდოს.
აღსანიშნავია, რომ თამბაქოს გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები გახდა, რომლის მიხედვითაც 2026 წლის 1-ელი იანვრიდან იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის ღირებულება 85 თეთრით გაიზარდა.
კერძოდ, ახალი წლიდან თამბაქოს შემცველობით იმპორტირებულ 20-ღერიანი სიგარეტის აქციზის ფასმა 1.9 ლარიდან 2.75 ლარამდე მოიმატა, ამასთან, 1.85 ლარიდან 2.7 ლარამდე გაიზარდა იმპორტირებული ნაწარმის (რომელიც შეიცავს თამბაქოს ან აღდგენილ თამბაქოს) აქციზის ღირებულება.
რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, კოდექსის მიხედვით აქციზის ღირებულება შემცირდა. კერძოდ, 1-ელი იანვრიდან ადგილობრივი წარმოების სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით, ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე დაიბეგრება 20 ღერზე (ერთ კოლოფზე) 1.30 ლარის ოდენობის აქციზის განაკვეთით. ცნობისთვის, აქციზის განაკვეთი ამ შემთხვევაში იმპორტირებულის მსგავსად, 1.9 ლარი იყო, შესაბამისად, საქართველოში წარმოებულ კოლოფ სიგარეტზე აქციზი 60 თეთრით შემცირდა.



