„სასკოლო ფორმების შესყიდვის მიზნით ახალი ბაზრის კვლევა გამოცხადდება“ - განათლების სამინისტრო

სასკოლო ფორმა

განათლების სამინისტროს განცხადებით, სასკოლო ფორმების შესყიდვის მიზნით ახალი ბაზრის კვლევა უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

ამასთანავე, სამინისტრო განმარტავს, რატომ გაიხმო „საგანმანათლებლო რესურსებმა“ ფორმების შესყიდვისთვის გამოცხადებული გამარტივებული შესყიდვა.

„შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ 2026 წლის 3 აპრილს გამოცხადდა კვლევა 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის 1 801 000 ცალი სასკოლო ფორმის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით.

2026 წლის 14 მაისს ბაზრის კვლევის პროცესში კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, ბაზრის კვლევით გათვალისწინებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უახლოეს დღეებში შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ გამოცხადდება ახალი ბაზრის კვლევა სასკოლო ფორმების შესყიდვის მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტრომ 29 აპრილს ფორმების შესყიდვა გამარტივებული წესით მოითხოვა, თუმცა, 14 მაისს 44.9 მლნ ლარის სასკოლო ფორმების გამარტივებული შესყიდვის წინადადება გაიხმო.