1778823500
სოხუმის აეროპორტი სოჭის დამხმარე აეროპორტი უნდა გახდეს - დე ფაქტო პრეზიდენტის გეგმები
რუსულ ელექტრომატარებელ „დიოსკურიას,“ რომელიც ამჟამად ფედერალურ ტერიტორია სირიუსსა და სოხუმს შორის მოძრაობს, მარშრუტი შესაძლოა, სოხუმის აეროპორტამდე გაუგრძელდეს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბამ TASS-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს გეგმა, მომსახურების გეოგრაფია მთელ აფხაზეთში გავაფართოოთ. უპირველეს ყოვლისა, ვცდილობთ, „დიოსკურიას“ მომსახურების არეალი სოხუმის აეროპორტამდე განვავრცოთ. ეს მეტად მნიშვნელოვანი და მოსახერხებელია“, - ამბობს გუნბა.
მატარებლის მარშრუტი აღმოსავლეთ ნაწილში, ოჩამჩირემდე უნდა გაფართოვდეს, სადაც, გუნბას შეფასებით, „ტურისტული პოტენციალის განვითარებისა და ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური და სასოფლო-სამეურნეო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებია.“
„დასვენებისა და ინვესტიციების მიზნით ჩამოსული ადამიანებისთვის აღმოსავლეთ აფხაზეთი არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე უფრო განვითარებული დასავლეთ ნაწილი“, - ამბობს გუნბა.
რაც შეეხება სოხუმის აეროპორტს, გუნბა არ გამორიცხავს, რომ ის სოჭის სარეზერვო აეროპორტად იქცეს.
„სამწუხაროდ, სოჭის აეროპორტში ჩასული მგზავრები გარკვეულ არაკომფორტულ პირობებს აწყდებიან. ამდენად, სოხუმის აეროპორტი სარეზერვო აეროპორტის ფუნქციას უნდა ასრულებდეს. ვიცით, რომ ამჟამად სოჭისთვის სარეზერვო მინვოდის აეროპორტია. მჯერა, რომ ამ ფუნქციას სოხუმის აეროპორტი შეასრულებს. ეს მოსახერხებელია, რადგან არ გიწევთ ჰაერში რამდენიმე საათის გატარება, რაც ავიაკომპანიებისთვის ხარჯს იწვევს“, - ამბობს გუნბა.
მისი თქმით, „გეგმის თანახმად, მაშინაც კი, როცა თვითმფრინავი სოხუმის აეროპორტში დაეშვება, სოჭში გადაფრენის მსურველები იქ ორ საათში მოსახერხებელი ტრანსპორტით მოხვდებიან, როგორიც სამგზავრო მატარებელია“.
„ეს როგორც კომფორტული, ასევე, მოსახერხებელია, ჩვენთვის კი ეს შესაძლებლობებს აფართოებს და ინფრასტრუქტურას ავითარებს“, - აცხადებს გუნბა.



