სპეციალობები საქართველოში, რომლებზეც მოთხოვნა არის, თუმცა კადრების დეფიციტია

ექთანი

საქართველოს მთავრობამ შრომის ბაზრის ანალიზის პრეზენტაცია გამართა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრეზენტაციისას განაცხადა, კვლევა საკმაოდ მასშტაბური იყო, რომლის ფარგლებშიც 12 500 საწარმო გამოიკითხა.

მისივე თქმით, აქედან 470 იყო მსხვილი საწარმო, 1 752 - საშუალო, ხოლო 10 278 მცირე ზომის საწარმო. ცდომილების ზღვარი კი მინიმალური - 0,49%-ია.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც უმაღლესი განათლება სჭირდებათ შრომის ბაზარზე შესასვლელად 64 095-ს შეადგენს, აქედან 42 316 კურსდამთავრებულის საჭიროება არის კერძო სექტორში, ხოლო 21 779-ის საჯარო სექტორში.

მანვე ისაუბრა იმ სპეციალობებზე, სადაც მიწოდება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს ქვეყანაში.

„პედაგოგიკა არის ერთ-ერთი ასეთი მიმართულება, სადაც გვყავს ნაკლები სტუდენტი, ვიდრე არის შრომის ბაზრის მოთხოვნა. საინჟინრო-ტექნიკურ მიმართულებებში არის დეფიციტი, გვჭირდება იმაზე მეტი მშენებელი, ვიდრე დღეს უმაღლესი განათლების სისტემა აწვდის შრომის ბაზარს. ქიმიური ტექნოლოგია და მეტალურგია, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საექთნო და სამეანო საქმე, სოციალური მუშაობა, ეს არის ის სფეროები, სადაც მკვეთრი დეფიციტი ფიქსირდება მიწოდების კუთხით“, - აღნიშნა კობახიძემ.