სულხან თამაზაშვილი: ფონიჭალაში ნანგრევებში 7 პირია მოყოლილი, მათ შორის 3 ბავშვი

სულხან თამაზაშვილი

ფონიჭალაში კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილ 7 პირს, მათ შორის 3 მცირეწლოვან ბავშვს, მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება. შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ნანგრევებიდან ოთხი პირია გამოყვანილი, შვიდი ადამიანის ადგილსამყოფლის დასადგენად კი აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.

მისი ინფორმაციით, ოთხივე გამოყვანილი მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ყველა მათგანი კონტაქტურია, თუმცა ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებს შორის არის არასრულწლოვანიც, რომელსაც დაზიანება ყურის მიდამოში აღენიშნება, თუმცა იგი კონტაქტურია.

„ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე მუნიციპალური სამსახურები. პროაქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები… სამწუხაროდ, სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს შვიდი პირის ადგილსამყოფლის დადგენა… უგზო-უკვლოდ არის შვიდი პირი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვი [დაკარგული]. მოსახლეობა ევაკუირებულია“, — განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

მისი თქმით, კორპუსში კვლავ არსებობს ნგრევის რეალური საფრთხე, რის გამოც მაშველებს მუშაობის ტაქტიკის შეცვლა მოუწიათ:

„დაახლოებით ნახევარი საათის წინ გადმოიხარა [კორპუსის] საყრდენი კედელი და შესაბამისად, წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებების პროცესი შეჩერდა. ბიჭები უკნიდან მუშაობენ აქტიურად. ნგრევის საფრთხე რეალურად არის“, — აღნიშნა შს მინისტრმა.

რაც შეეხება აფეთქების გამომწვევ მიზეზებს, სულხან თამაზაშვილის განმარტებით, კერა და წინასწარი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია და შემთხვევა ბუნებრივი აირის გამათბობელს უკავშირდება.

„მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გამათბობლის ჩართვას. იგი კონტაქტურია და თვითონ გვიყვება, რომ ღამით ჩართო, შემდეგ გამორთო და დილით ისევ სცადა ჩართვა, რა დროსაც მოხდა აფეთქება“, — განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და პოლიციის ეკიპაჟები ახლაც მუშაობენ.