1784097998
„თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქარი მიიღეს“ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ თანამდებობის პირების მიერ დეკლარირებული საჩუქრები შეისწავლა. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აპრილამდე პერიოდში 379-მა თანამდებობის პირმა ჯამში 24 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი მიიღო.
მათივე მონაცემებით, თანამდებობის პირებმა ფულადი საჩუქრების სახით 11 მილიონი ლარი, ხოლო უძრავი ქონების სახით 12 მილიონი ლარი მიიღეს. გარდა ამისა, დეკლარაციებში მითითებულია საჩუქრად მიღებული ავტომობილები, იარაღი და სამკაული. ორგანიზაციის ცნობით, დეკლარირებული საჩუქრების 60.78% მშობლებისგან არის მიღებული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ განმარტავს, რომ კანონმდებლობის თანახმად, თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან ქონებრივ დეკლარაციაში ასახონ მათი ან მათი ოჯახის წევრის მიერ მიღებული ნებისმიერი საჩუქარი, რომლის ღირებულება 500 ლარს აღემატება. ამასთან, მათ ეკრძალებათ ისეთი საჩუქრის მიღება, რომლის ღირებულება მათი წლიური ხელფასის 5%-ს აღემატება.
ამავე დროს, აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავებისგან მიღებულ საჩუქრებზე.
ორგანიზაციის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს გამონაკლისი ლოგიკურია, სათანადო ზედამხედველობის არარსებობის შემთხვევაში არსებობს რისკი, ის კანონის „ხვრელად“ იქცეს და არაკეთილსინდისიერმა მოხელეებმა უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზებისთვის გამოიყენონ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც საჯარო მოხელე დიდი ოდენობის თანხას ან მაღალი ღირებულების ნივთს საჩუქრის სახით ადეკლარირებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლოს, ხომ არ არსებობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მცდელობის ნიშნები. ორგანიზაციის განცხადებით, მინიმუმ უნდა შემოწმდეს, ჰქონდა თუ არა საჩუქრის გამცემ პირს ასეთი ღირებულების საჩუქრის გაცემის ფინანსური შესაძლებლობა.



