1786510134
თბილისის მერიამ აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციაზე 6.7-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა
თბილისის მერია ჩუღურეთის რაიონში, აღმაშენებლის გამზირის თამარ მეფის გამზირიდან სანქტ-პეტერბურგის ქუჩამდე მონაკვეთის რეაბილიტაციას გეგმავს. სამუშაოების შესყიდვაზე სახელმწიფო ტენდერი გამოცხადდა, რომლის სავარაუდო ღირებულება 6 696 865 ლარია.
პროექტის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას აღმაშენებლის გამზირზე გზის რეაბილიტაციის ფარგლებში მოუწევს დაზიანებული საგზაო საფარის აღდგენა და ახალი გზის სამოსის მოწყობა, ტროტუარების რეაბილიტაცია და საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული გრანიტისა და ტრავერტინის ფილების ახალი, ანალოგიური მასალით ჩანაცვლება, ეზოებში შესასვლელებისა და გზასთან არსებული მიერთებების მოწესრიგება, ასევე სანიაღვრე სისტემის აღდგენა და ახალი წყალსაშვები ჭების მოწყობა. პროექტი ითვალისწინებს ნარჩენების კონტეინერებისთვის სპეციალური ჯიბეების მოწყობას, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგზაო მონიშვნისა და ახალი საგზაო ნიშნების დამონტაჟებას.
ამასთან, სამუშაოების დროს კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს ტერიტორიაზე არსებული საინჟინრო კომუნიკაციები - საკაბელო ქსელები, გარე განათებისა და ელექტროგადამცემი ხაზები, გაზსადენისა და წყალმომარაგების სისტემები და მათი დაზიანების თავიდან ასაცილებლად შესაბამის ორგანიზაციებთან შეთანხმებითა და ზედამხედველობით განახორციელოს სამუშაოები.
სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოების შესრულების ვადა წერილობითი დავალების გაცემიდან 30 კალენდარული დღეა. გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების დაწყებამდე შესაბამის სამსახურებთან სატრანსპორტო უსაფრთხოების სქემის შეთანხმების, ხოლო დავალების მიღებიდან არაუგვიანეს ხუთი კალენდარული დღისა — სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის წარდგენის ვალდებულება ექნება.
ტენდერის პირობებით, სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან სამი წელია.
მიმწოდებელს, საჭიროების შემთხვევაში, ობიექტზე სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში წარმოებაც მოუწევს. ასევე, კომპანიამ საკუთარი რესურსებით უნდა უზრუნველყოს სამუშაოების ხარისხის კონტროლი და, დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, გამოყენებული მასალების ლაბორატორიული გამოცდა და შესაბამისი დასკვნების წარმოდგენა.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ტენდერში მონაწილე კომპანიას 2023 წლის 1 იანვრიდან უნდა ჰქონდეს გზების მშენებლობის ან/და კაპიტალური შეკეთების სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რომლის ჯამური ღირებულებაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 150%-ს, ანუ დაახლოებით 10.05 მილიონ ლარს უნდა შეადგენდეს.
დოკუმენტის მიხედვით, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის საბოლოო შეთავაზება სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება, კომპანიას ფასის ადეკვატურობის დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა მოუწევს. დასკვნა აკრედიტებულმა პირმა, მათ შორის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, უნდა გასცეს.
ტენდერის პირობებით, წინადადებების მიღება 29 აგვისტოს დაიწყება და 3 სექტემბერს დასრულდება.



