1771922534
თბილისში შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი განისაზღვრა - როდის ამოქმედდება ცვლილებები
თბილისში საკრებულომ დედაქალაქის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი დაამტკიცა.
დოკუმენტის მიხედვით, კატებსა და ძაღლებს 4 სტატუსიდან ერთ-ერთი მიენიჭება: პატრონიანი, მიკედლებული, უმეთვალყურეო და უპატრონო. ცხოველის მეპატრონეს ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე 5-ზე მეტი ცხოველის (გარდა ამ ცხოველთა ნაშიერისა, რომელთა ასაკი არ აღემატება 6 თვეს) ყოლა ეკრძალება იმ შემთხვევაში, თუ ეს ტერიტორია არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველთა თავშესაფრის მინიმალურ სტანდარტებს.
მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის მეპატრონედ შესაძლოა, მხოლოდ 16 წელს მიღწეული პირი დარეგისტრირდეს. ამასთანავე, პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის მეპატრონედ რეგისტრაციისთვის, სავალდებულოა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა.
აღსანიშნავია, რომ მეპატრონის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრე ვალდებულია, მონაცემთა ერთიან ბაზაში მეპატრონედ დარეგისტრირდეს, ხოლო თუ მემკვიდრე უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე, იგი ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიება, ახალი მეპატრონის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში კი მისი თავშესაფარში გადაყვანა.
მიკედლების შემთხვევაში პირი ვალდებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირდეს. მიკედლებაზე საკუთარი სურვილის შემთხვევაში, მხარემ მარეგისტრირებულ ორგანოს უნდა მიმართოს. ამავდროულად, იმ შემთხვევაში თუ მიკედლებული ცხოველი გარდაიცვალა, მიმკედლებელმა მარეგისტრირებელს ერთი თვის ვადაში უნდა მიმართოს.
„მიკროჩიპის/ტრანსპონდერის ან საყურე ნიშნის (საჭდის) დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მეპატრონე/მიმკედლებელი ვალდებულია ერთი თვის განმავლობაში მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს ცხოველის განმეორებითი იდენტიფიკაციის მიზნით“, - აღნიშნულია დოკუმენტებში.
ცხოველის რეგისტრაციისას, გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობა, შედეგად, ცხოველს ენიჭება სარეგისტრაციო მოწმობის ნომრის შესაბამისი პირადი ნომერი.
„ცხოველის პატრონი ვალდებულია ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის ან რეგისტრაციის მომენტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იდენტიფიკატორი უნდა იძლეოდეს ცხოველის პირადი ნომრის და იდენტიფიკაციის განმახორციელებლის დადგენის შესაძლებლობას“, - ვკითხულობთ დადგენილებაში.
რა ვალდებულებები ექნებათ ცხოველების მეპატრონეებს?
ცხოველის მეპატრონე პასუხისმგებელია ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობაზე და მის კეთილდღეობაზე, ასევე სხვა ადამიანებისა და ცხოველების მიმართ საკუთარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებაზე.
ცხოველის მეპატრონე ვალდებულია აანაზღაუროს მის საკუთრებაში მყოფი ცხოველის მიერ მიყენებული ზიანი. ამასთანავე, მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის შენახვა და მოვლა-პატრონობა, კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიური და ეტოლოგიური თავისებურებების შესაბამისად. კერძოდ:
- ცხოველის სათანადო კვება და დაწყულება;
- ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ცხოველისთვის საძილე ადგილის გამოყოფა-მოწყობა, დათბუნება და განათება;
- ცხოველის გასეირნება, მგზავრობა,სათანადო ფიზიკური აქტივობა და ა.შ.
„ძაღლის ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში ნებადართულია საბლით ან ალიკაპით (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა). თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ საბლით ან ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით“, - ვკითხულობთ დოკუმენტებში.
უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვა
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის კონტროლზე. პოპულაციების მართვის ძირითადი და პრიორიტეტული მეთოდია ცხოველების შობადობის შემცირების უზრუნველყოფა, რისთვისაც გამოიყენება სტერილიზაცია/კასტრაციის პროცედურები.
რაც შეეხება კანონის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობას, ის დაეკისრება ცხოველის მესაკუთრეს ან პატრონს. იმ შემთხვევაში თუ იდენტიფიცირება შეუძლებელია, პასუხისმგებელი პირი იქნება ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად, ახორციელებს ზედამხედველობას.
მეთვალყურეობის გარეშე მყოფ ცხოველს, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გადაიყვანს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი ცხოველი მეპატრონეს დაუბრუნდება მხოლოდ სპეციალურ ადგილზე ცხოველის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტების უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის შემდეგ.
სპეციალურ ადგილზე ცხოველის გადაყვანის და დღიური მოვლა-პატრონობის ხარჯი შეადგენს:
- გადაყვანა სპეციალურ ადგილზე - 100 (ასი) ლარს;
- დღიური მოვლა-პატრონობა: ძაღლის - 15 (თხუთმეტი) ლარს; კატის - 10 (ათი) ლარს.
ცვლილებები ძალაში 2026 წლის 1-ელი ივლისიდან შედის.



