თურქეთი, ევროკავშირი, რუსეთი... - სად მოგზაურობენ ქართველები ყველაზე ხშირად

მოგზაურობა

2026 წლის პირველ კვარტალში გამყვანი ტურიზმის მაჩვენებლები 4.3%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების მიერ 640.9 ათასი გასვლა დაფიქსირდა.

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტებმა 496.3 ათასი შეადგინა, რაც 2.9%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ცნობისთვის, მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით, ხოლო ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები ვადით.

„2026 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.8 შეადგინა, რაც 2025 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.7 ღამე) 1.4%-ით მეტია. ვიზიტების 99.1% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს“, - აღნიშნულია „საქსტატის“ ანგარიშში.

სად მოგზაურობენ ქართველები ყველაზე ხშირად

აღსანიშნავია, რომ ცალკეულ ქვეყნებს შორის საზღვრის კვეთაში ლიდერობდა თურქეთი, სადაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში განხორციელებულმა ვიზიტებმა 214 ათასი შეადგინა. რეიტინგში მეორე ადგილზე იყო რუსეთი, სადაც საანგარიშო პერიოდში 111 ათასი გასვლა განხორციელდა.

რაც შეეხება ევროკავშირს, 2026 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი მთლიან ვიზიტებში 22.4%-ს შეადგენდა. გამოდის რომ, საანგარიშო პერიოდში ევროკავშირში დაახლოებით 143 ვიზიტი განხორციელდა.

ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად მოგზაურობენ:

  • თურქეთი (33.4%) - 214 ათასი ვიზიტი;
  • ევროკავშირის ქვეყნები (22.4%) - 143 ათასი ვიზიტი;
  • რუსეთი (17.3%) - 111 ათასი ვიზიტი;
  • სომხეთი (13.8%) - 88 ათასი ვიზიტი;
  • აზერბაიჯანი (1.6%) - 10 ათასი ვიზიტი;
  • სხვა ქვეყნები (11.6%) - 74 ათასი ვიზიტი.

  BPN