"უკვე საუბარია იმაზე, რომ AI-მ საკუთარი თავი თავადვე დააპროგრამოს" - დავით მრელაშვილი საფრთხეებზე

AI

BMGTV-ის გადაცემა “ჯანდაცვის სტანდარტში” დავით მრელაშვილმა, რომელიც აშშ-სა და საქართველოში მედიცინაში თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით საქმიანობს, ჯანდაცვის ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის როლზე და იმ სარგებელსა თუ საფრთხეებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას.

მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის სწრაფად განვითარების ფონზე, რთულია პროგნოზის გაკეთება, როგორ შეიძლება იქნეს AI გამოყენებული სახელმწიფოების თუ ცალკეული ადამიანების მიერ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოები მუშაობენ მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნაზე, რომლის მეშვეობითაც ხელოვნურ ინტელექტს გააკონტროლებენ.

“ამ ეტაპზე, AI ადამიანების მიერ იმართება. თუმცა, უკვე არის საუბარი იმაზე, რომ მომავალში ხელოვნურ ინტელექტს საშუალება ჰქონდეს, საკუთარი თავი თავადვე დააპროგრამოს, შესაბამისად, ნაკლებად პროგნოზირებადი და საფრთხილოა, რა მომენტში გახდება ხელოვნური ინტელექტი საკმარისად დამოუკიდებელი, რომ ადამიანებისთვის საშიშროების მომტანი იყოს.

დამაიმედებელი დასაბუთება ისაა, რომ ნებისმიერი ინოვაცია და სიახლე, როგორც წესი, ისეთი სახელმწიფოების ხელშია, რომლებიც დიდი მარეგულირებელი ორგანოებია და მათ აქვთ უდიდესი კონტროლი მასზე. მაგალითად, აშშ-ს გაცილებით მეტი რესურსი აქვს ყოველთვის, იყოს ერთი საფეხურით წინ, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შეუძლია AI ბოროტად გამოიყენოს", - აღნიშნა მრელაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს დაბრკოლებაა ის, რომ რთულია შესაფერისი რეგულაციების შემუშავება და სახელმწიფოებს უჭირთ, ფეხი აუწყონ იმ სისწრაფით რეგულაციების შემოღებას, როგორი სისწრაფითაც ხელოვნური ინტელექტი ვითარდება.

"შტატების გარდა, ისეთმა სახელმწიფომ, როგორიც არის ჩინეთი, საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია, როდესაც შექმნა Deepseek. ამ პროგრამამ, გაცილებით ნაკლები რესურსის გამოყენებით მოახერხა სხვა ხელოვნური ინტელექტის პროგრამების შექმნა. ამისთვის კი, ჩინეთმა სულ რაღაც 6 მლრდ დოლარი დახარჯა, რაც ამ სახელმწიფოსთვის არაფერია. ამან აშშ სერიოზულად დააფიქრა უფრო მეტად განვითარებაზე", - აღნიშნა დავით მრელაშვილმა და დასძინა, რომ პროგნოზი რთულია, როგორ განვითარდება ეს სფერო.