1794896776
უნდა გვესმოდეს მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არაა – კალაძე საცობებზე
ივანიშვილის მერმა კახა კალაძემ Facebook live-ში თბილისის სატრანსპორტო პრობლემებზე ისაუბრა. როგორ კალაძე ამბობს, კარგად ესმის საცობით შეწუხებული ადამიანების, რადგან ისიც "ამ ქალაქში ცხოვრობს".
"ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც დილით სამსახურში გეჩქარება, შვილს სკოლაში მიაცილებ, საღამოს კი დაღლილს სახლში დაბრუნება გინდა და საცობში გიწევს დგომა. ეს ცხადია მხოლოდ სატრანსპორტო პრობლემა არ არის. ეს არის ადამიანების დაკარგული დრო, ნერვიულობა და ის საათები, რომლებიც მათ საკუთარ ოჯახებთან, შვილებთან და საყვარელ ადამიანებთან უნდა გაატარონ" - ამბობს კალაძე.
მისი თქმით, თბილისში საცობები უკავშირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაორმაგებულ რაოდენობას - "არავის ვუკრძალავთ საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის".
"ხშირად გვესმის კრიტიკა, თითქოს არსებული საცობები მხოლოდ თბილისის მერიის მიერ განხორციელებული სატრანსპორტო ცვლილებების შედეგია. ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ქალაქის სატრანსპორტო სისტემის მართვა ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, მაგრამ აუცილებელია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ის ნაბიჯები, რომლებსაც ამ პრობლემის მოსაგვარებლად ვდგამთ.
თბილისს აქვს თავისი გეოგრაფია, რელიეფი, ისტორიული უბნები, საცხოვრებელი სახლები, საფეხმავლო სივრცეები და მწვანე ტერიტორიები. შეუძლებელია ავტომობილების რაოდენობის მუდმივ ზრდას მხოლოდ გზების გაფართოებითა და ახალი ესტაკადების მშენებლობით ვუპასუხოთ. ათწლეულების განმავლობაში თბილისში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში, საგზაო ინფრასტრუქტურა ძირითადად კერძო ავტომობილებზე იყო მორგებული.
თუმცა საერთაშორისო გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მხოლოდ ავტომობილებისთვის მეტი სივრცის შექმნა საცობების გრძელვადიანი მოგვარების გზა ნამდვილად არ არის. სწორედ ამიტომ ევროპის არაერთმა განვითარებულმა ქალაქმა, სადაც იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, დაიწყო მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემაზე გადასვლა". - ამბობს კალაძე და განმარტავს, რომ მისი მიზანია, ყველას "ჰქონდეს უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გადაადგილების შესაძლებლობა".
რაც შეეხება ესტაკადებსა და შუქნიშნებს, კალაძის თქმით, "მხოლოდ ესტაკადებითა და გზების გაფართოებით თბილისის საცობების პრობლემას ვერ მოვაგვარებთ". რაც შეეხება შუქნიშნებს, კალაძის თქმით, მათ "მიზანი არ არის ავტომობილების გაჩერება. ჩვენი მიზანია მოძრაობის ორგანიზება ისე, რომ ყველა მიმართულებით გადაადგილება იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და მაქსიმალურად ეფექტიანი".
"ჩვენ ვერ გავაფართოებთ ქალაქის ყველა ქუჩას, ვერ დავანგრევთ შენობებს და ვერ გავანადგურებთ მწვანე სივრცეებს იმისთვის, რომ ავტომობილების მუდმივად მზარდ რაოდენობას მეტი ადგილი დავუთმოთ.
მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში ეტაპობრივად შეიკრას ავტობუსის ზოლების ერთიანი ქსელი, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობდეს სწრაფად და პროგნოზირებად დროში. გრძელდება მეტროს მოდერნიზაციაც. იგეგმება მეტროსადგურების რეაბილიტაცია, ხოლო ჩინეთიდან ეტაპობრივად უნდა მივიღოთ 111 ახალი ვაგონი, რომლითაც 25 მატარებელი ჩანაცვლდება.
გვინდა, რომ მოქალაქემ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აირჩიოს არა იმიტომ, რომ საკუთარი ავტომობილით გადაადგილება ავუკრძალეთ, არამედ იმიტომ, რომ ავტობუსით, მეტროთი ან ტრამვაით მგზავრობა მისთვის უფრო კომფორტული, სწრაფი და საიმედო იქნება. კარგად გვესმის, რომ გადაადგილების ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ჩვევების შეცვლა მარტივი არ არის. არც ის გვგონია, რომ ერთ დღეში, ერთი ახალი ავტობუსით, ერთი ზოლით ან ერთი რეაბილიტირებული ქუჩით თბილისის სატრანსპორტო პრობლემები მოგვარდება. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც მოითხოვს თანმიმდევრულ მუშაობას, სწორ დაგეგმვას და საზოგადოების ჩართულობას". - ამბობს კალაძე.
როგორც მან აღნიშნა, "თუ დღეს მხოლოდ დროებითი კომფორტისთვის უარს ვიტყვით აუცილებელ ცვლილებებზე, ხვალ გაცილებით უფრო რთული სატრანსპორტო პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით".
"მინდა, თითოეულ თბილისელს ვუთხრა - ძალიან კარგად მესმის თქვენი ყოველდღიური პრობლემები და ის დისკომფორტი, რომელიც ქალაქში გადაადგილებას თან ახლავს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველაფერი იდეალურად არის. პირიქით, ვხედავთ პრობლემებს და სწორედ ამიტომ განვაგრძობთ მუშაობას. ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ახალი გზების, ავტობუსის ზოლების, მეტროსადგურებისა თუ სატრანსპორტო კვანძების მოწყობა. ვმუშაობთ, რომ ყველა ამ მიმართულებით მოვაწესრიგოთ ქალაქში არსებული ვითარება". - ამბობს კალაძე.



