უცხოელები საქართველოში ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 2.4-ჯერ მეტს ხარჯავენ, ვიდრე ქართველები - უნაღდო დანახარჯების სტატისტიკა

ტანსაცმლის მაღაზია

ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა დადებითია, - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ ბაზრის მიმოხილვაში.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის თებერვალში, „თიბისი ბანკის“ არხებით, უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე წლიურად 21%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება საშუალო დანახარჯს, საანგარიშო პერიოდში მაჩვენებელი 106 ლარს გაუტოლდა.

„ამავე პერიოდში, „თიბისი ბანკის“ არხებით გაწეული ჯამური უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, შესაბამისად, 82% და 18%-ად განაწილდა“, - ვკითხულობთ კვლევაში.

უცხოელები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 2.4-ჯერ მეტს ხარჯავენ, ვიდრე ქართველები

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში არარეზიდენტების მიერ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა.

„2026 წლის თებერვალში, რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, „თიბისი ბანკის“ არხებით, წლიურად 19%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 95 ლარი დაფიქსირდა.

ამავე თვეში, „თიბისი ბანკის“ არხებით, წლიურ ჭრილში 32%-ით გაიზარდა არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე. საშუალო ტრანზაქციის მოცულობა 228 ლარს გაუტოლდა“, - ვკითხულობთ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.