ვის ეკუთვნის კომპანია, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა

საწვავი

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა. ინფორმაცია კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ დაადასტურა. არველაძის თქმით, საუბარია დაახლოებით 300 ტონა საწვავზე (და არა 3 ათასზე), რომელიც მისმა კომპანიამ, ენგურის ხიდის გავლით, „აფხაზ პარტნიორებს“ მიაწოდა.

„ვმუშაობ აფხაზ პარტნიორებთან ერთად. ეს არის ხიდი ქართულ და აფხაზურ ბიზნესს შორის“, - აცხადებს ბიზნესმენი.

არველაძის ინფორმაციით, საწვავი „ძირითადად გალის მოსახლეობისთვის, იქაური ბენზინგასამართი სადგურებისთვის“ არის განკუთვნილი.

„ეს რომ არ შეგვეტანა, 20-ლიტრიანი „კანისტრებით” დაიწყებდა 40 ათასი ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში. ამიტომაც გადაწყდა, რომ ჯობდა მე შემეტანა ჩემს აფხაზ მეგობრებთან ერთად“, - აცხადებს გიორგი არველაძე „რადიო თავისუფლებასთან“.

არველაძის თქმით, აქამდე ხდებოდა სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქციის მიწოდება, ხოლო საწვავის მიწოდება პირველად მოხდა.

რა ვიცით „სოლიდუსზე“, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია „სოლიდუსი“ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. მისი 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი არველაძეა, ხოლო დირექტორი შოთა კევლიშვილი. გარდა „სოლიდუსის“ გიორგი არველაძე წილებს ფლობს კიდევ რამდენიმე კომპანიაში, მათ შორისაა - “ევრაზია ტრანზიტი“, “ჰიქ ქომფანი“, G.D. ინვესტ გრუპი, „ფემილ ფარმი“ და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ დღეს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა 11 აგვისტოს რიცხვით დათარიღებული განკარგულება, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სპეციალური საქმიანობის განხორციელებისთვის თანხმობას შეეხება. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული თანხმობა 3 თვის ვადით გაუხანგრძლივდა შპს "სოლიდუსს". თუმცა, უცნობია, თუ რა საქმიანობას შეეხება ეს ნებართვა.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 24 მუხლისა და „სპეციალური საწარმოს სტატუსის მაძიებელი პირისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის №186 დადგენილებით დამტკიცებული „სპეციალური საწარმოს სტატუსის მაძიებელი პირისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, შპს სოლიდუსს 3 (სამი) თვის ვადით გაუგრძელდეს სპეციალური თანხმობის მოქმედების ვადა ამავე წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე.

განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2026 წლის 18 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე“, - აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში საწვავზე შექმნილი კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. 12 აგვისტოს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ საწვავი არა ხელისუფლებამ, არამედ ბიზნესმა კანონის დაცვით შეიტანა.