ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო. მდგომარეობა უკავშირდება კუჭში არსებულ წყლულოვან პათოლოგიას - მიხეილ სარჯველაძე პატრიარქზე

მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა.

მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები სტაბილურად იყოს შენარჩუნებული.

„ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ეს იმის გათვალისწინებით, რომ ჰემოდინამიკის დასტაბილურებამდე კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი. ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები სტაბილურად იქნეს შენარჩუნებული, რაც ახლა მედიკამენტოზურადაა შენარჩუნებული. რა თქმა უნდა, დაკვირვების ქვეშაა, ინტენსიურად. მიმდინარეობს მეთვალყურეობაც და ყველაფერი კეთდება, რათა რაც შეიძლება, სწრაფად აღიდგინოს ყველა ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელიც აუცილებელია მისი ჯანმრთელობისთვის.

ახლა რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა უკავშირდება კუჭში არსებულ  წყლულოვან პათოლოგიას, საიდანაც სახეზე იყო სისხლდენა. შესაბამისად, მოხდა დაუყოვნებლივი ჩარევა და ამ ჩარევის შედეგად სისხლდენა იქნა გაჩერებული. ამგვარად, ახლა ეს რეანიმაციული ღონისძიებები არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი. განსაკუთრებულია ყურადღებაც, მეთვალყურეობაც და ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება ჩქარა აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია. ჩატარდა მანიპულაციები, სამედიცინო მანიპულაციები და მოხერხდა სისხლდენის გაჩერება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

1tv.ge