1763278140
ყველა დარღვევა, რომელზეც შესაძლოა, ჯარიმები გაიზარდოს - რა უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
უწყების განმარტებით, პროექტი მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებას და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ყველა იმ დარღვევას, რომელზე იგეგმება ფულადი სანქციის გაზრდა. კერძოდ, კანონპროექტით მკაცრდება პასუხისმგებლობა და იზრდება არსებული სანქციები შემდეგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის:
ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად 40 ლარისა).. ამასთან, ამ დარღვევაზე მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით, ნაცვლად 5 ქულისა;
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად 30 ლარისა);
სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს მართვის მოწმობა (გარდა საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ 2006 წლის 31 მარტის შემდეგ გაცემული მართვის მოწმობისა), სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (გარდა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობისა, როცა სატრანსპორტო საშუალება მძღოლის საკუთრებაა), ან სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით (ნაცვლად 10 ლარისა);
იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის სამართავი მექანიზმი ან მისაბმელი მოწყობილობა, ანდა მწყობრიდანაა გამოსული ფარები, უკანასაგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ან მინის საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს, ანდა დარღვეულია ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად 15 ლარისა);
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ისა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა);
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად 20 ლარისა);
გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა). გარდა ამისა, ამ დარღვევისთვის მძღოლს მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით, ნაცვლად 10 ქულისა.
ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში ან/და საქართველოს კურორტებზე – 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად არსებული რეგულირებისა, რომლის თანახმადაც ქმედება რეგიონებში სახდელის სახედ და ზომად ითვალისწინებს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო თბილისში – 50 ლარის ოდენობით);
გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დადგენილი წესების დარღვევა, ანდა ზომების მიუღებლობა გზის ცალკეულ უბნებზე მოძრაობის დროულად ასაკრძალად, შესაზღუდად ან აღსადგენად, როცა ამ გზით სარგებლობა ზღუდავს ან საფრთხეს უქმნის მოძრაობას, ან გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის ან საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალების დაზიანება, გზის საფარის გაჭუჭყიანება, გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარზე ან გვერდულაზე სამშენებლო ან სხვა მასალის დაყრა, გარე ვაჭრობის მოწყობა, ან არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მიცემული წერილობითი მითითების შეუსრულებლობა (კოდექსის 134-ე მუხლის 1-ელი ნაწილი) - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 5 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად არსებული რეგულირებისა, რომელიც ითვალისწინებს იურიდიული პირის ან პასუხისმგებელი ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით);
ზემოთ აღნიშნული დარღვევა ან საერთო სარგებლობის საავტომობილო გზასთან სხვა დანიშნულების გზის თვითნებური მიერთება, გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე ობიექტის უნებართვო მშენებლობა ან ობიექტის მშენებლობაზე დადებული შეთანხმების პირობების დარღვევა, პლაკატის, ტრანსპარანტის, აფიშის, სარეკლამო ფირნიშის, არასტანდარტული საგზაო ნიშნის უნებართვოდ განთავსება, გზის თვითნებურად გადათხრა ან სამუშაოთა წარმოებაზე დადებული შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა, ანდა შესაბამისი ნებართვის გარეშე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შესაკეთებლად მიღება − რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის ან სხვა ქონების დაზიანება − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 7 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად არსებული რეგულირებისა, რომელიც ითვალისწინებს იურიდიული პირის ან პასუხისმგებელი ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით).
გარდა ამისა, წარმოდგენილი კანონპროექტით, სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ნორმები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება პასუხისმგებლობა შემდეგი ქმედებებისათვის:
სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა- გაჩერება − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.



