„დღეს ბაზარზე რომ გახვიდეთ, ქართული ჯიშის კომბოსტოს, პრაქტიკულად, ვერ იშოვით“ - გიორგი ხანიშვილი

კომბოსტო

„ქართული პროდუქცია რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლით, არ აღმოჩნდა ბიზნესისთვის საკმარისი, ამიტომ მაღალი ინტენსივობით დაიწყო შემოსვლა სხვადასხვა ჯიშებმა და ჰიბრიდებმა“, - ამის შესახებ "აგრო 1959"-ის მმართველმა პარტნიორმა, გიორგი ხანიშვილმა "დილის მონეტიზაციის" ეთერში განაცხადა.

ხანიშვილმა ბაზარზე ქართული ავთენტური ჯიშების შემოსვლის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ჯიშები ქართულ გარემოსთან უფრო ადაპტირებული და უფრო გემრიელია.

„წარმოება, მოყვანა, ჯიში და ა.შ. რაც იყო საბჭოთა ეკონომიკისთვის და საბჭოთა საქართველოსთვის დამახასიათებელი, შემდეგ ათეულმა წლებმა პრაქტიკულად, გაანადგურა, მოსპო და ჩაიყოლა ყველაფერი ის ქართულიც, რომელიც იყო ჩვენს გენეტიკაზე მორგებული. უფრო მეტად ჩვენს კლიმატზე, ჩვენს ამინდზე და ეს პროდუქცია თავისი რაოდენობრივი, ხარისხობრივი მაჩვენებლით, არ აღმოჩნდა ბიზნესისთვის საკმარისი. ამიტომ მაღალი ინტენსივობით დაიწყო შემოსვლა ქვეყანაში სხვადასხვა კულტურებმა, ჯიშებმა, ჰიბრედებმა, რომელთა ძირითადი დანიშნულება იყო, რომ მიეღოთ მაღალი რაოდენობის პროდუქცია.

დღეს ბაზარზე რომ გახვიდეთ, ქართული ჯიშის კომბოსტოს, პრაქტიკულად, ვერ იშოვით. იშვიათი შემთხვევაა, როდესაც არის ფუყე თავი, თხელი ფურცლები და სატოლმედ მალე ითუთქება. დღის წესრიგში დგება, რომ მაქსიმალურად მოვიძიოთ მეტი და მეტი ქართული ბუნებრივი ჯიშები და შემოვიტანოთ წარმოებაში. ქართული ჯიშები ადაპტირებულია გარემოსთან და ეს უნდა დაბრუნდეს. ეს ხშირ შემთხვევაში არის დაბალმოსავლიანი, მაგრამ გემური თვისებებით - გაცილებით უკეთესი.

ჩვენ არ გვყავს მდიდარი მომხმარებელი,მაგრამ ქვეყანას ჰყავს ტურისტები, მათაც რომ შესთავაზო ეს ყველაფერი, ამას სჭირდება სწორი მარკეტინგული სვლა და ღირებულებათა ჯაჭვის სწორი აწყობა. ეს არ იქნება ერთ დღეში. ფერმერს უნდა მოჰყავდეს პროდუქტი, რომელიც მას ხარჯებს უფარავს. მაგრამ ის გვერდით დაიწყებს იმ ქართული ჯიშების მოყვანასაც, ეს დროის ფაქტორია, რომელსაც თავისი მომხმარებელი ეყოლება“,- განაცხადა ხანიშვილმა.